საზოგადოება
საქართველო ინვესტიციების მოზიდვის პოლიტიკას ცვლის

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ინვესტიციების მოზიდვა არა კონკრეტულ დარგებში, არამედ სოფლების, ქალაქების, რაიონების განვითარებაში, განაცხადა პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ეს არის სწორედ დარგობრივი აქცენტის რეგიონალურისკენ გადატანა. ჩვენ შევთავაზებთ ინვესტორებს, რომ თანხა ჩადონ არა უბრალოდ საქართველოს კონკრეტულ დარგში, რაც თავისთავად მიმზიდველია, არამედ რეგიონებში, მაგალითად, ქუთაისში, რუსთავში, ამბროლაურში და სხვ. ჩვენ მათ დავუსაბუთებთ, რატომ უნდა ჰქონდეს რეგიონს თავისი კონკრეტული საინვესტიციო პორტფელი და საინვესტიციო პროექტების კონკრეტული პასპორტები“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, ამ გზით შესაძლებელი გახდება რეგიონების სწრაფი განვითარება და სიღარიბესთან ეფექტიანი ბრძოლა.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2017 წელთან შედარებით 2018 წელს ინვესტიციების მოცულობა 34,9%-ით შემცირდა და 1,2 მილიარდ დოლარს გაუტოლდა. საქართველოს ხელისუფლებამ ინვესტიციების შემცირება ახსნა მაგისტრალური გაზსადენის გაფართოების პროექტის დასრულებით, რეფორმებით და ცვლილებებით ბიზნესსექტორში.

ყველაზე მეტი მოცულობის ინვესტიცია 2018 წელს შემოვიდა აზერბაიჯანიდან - 240 მილიონი დოლარი. ინვესტორი ქვეყნების სამეულში ასევე დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები შედის.

შემოსული ინვესტიციების მიხედვით დარგებს შორის ლიდერობს საფინანსო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დარგი. მათზე საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 52,3% მოდის.