საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. "საქართველოს კავკასიის ქვეყნებს შორის საუკეთესო შედეგები აქვს. რეალურად, ჩვენი რეიტინგებით, ის ევრაზიის რეგიონში საუკეთესოა, მაგრამ კვლავ აქვს ბევრი გამოწვევა და გლობალური მასშტაბით, საშუალო შედეგებს აჩვენებს. ვფიქრობ, საქართველოში ორ უმთავრეს გამოწვევას ვხედავთ: ერთი, ეს არის ოლიგარქების გავლენა და ფაქტი, რომ ამ არარჩეულ პირებს აქვთ კონტროლი პოლიტიკურ პროცესზე. მეორე კი, კანონის უზენაესობაა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი [შტოს მხრიდან] ბევრი ჩარევა სასამართლო სისტემაში, რაც მას არ აძლევს საშუალებას იფუნქციონიროს, როგორც დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა", — ამბობს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში სარა რეპუჩი, საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ერთ-ერთი დირექტორი კვლევისა და ანალიზის მიმართულებით. „ფრიდომ ჰაუსმა“ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების მიმართ არსებული საფრთხეებია მიმოხილული.
შეკითხვაზე: არის თუ არა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია ქვეყანაში? - საქართველოს 5 შესაძლო ქულიდან 2 ქულა აქვს. ეს საშუალო მაჩვენებელია შკალაზე, სადაც 0 ყველაზე უარესია, 4 კი — საუკეთესო მდგომარეობას ასახავს.
ამ ანგარიშში საქართველოს მედიის მდგომარეობა ცალკე არ არის განხილული, თუმცა წლევანდელი შეფასებით, დემოკრატიის კუთხით ქვეყნების შეფასების ინდექსში საქართველოს პოზიცია ერთი ნიშნულით შემცირდა და ანგარიში ოლიგარქი აქტორების დიდ გავლენაზე ამახვილებდა ყურადღებას. მცირედი უკუსვლის მიზეზებს შორის კი ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა და გავლენა სახელდებოდა.
"დემოკრატიულ და ავტორიტარულ ქვეყნებში ლიდერები, რომლებიც ერთნაირად ცდილობენ ძალაუფლების კონსოლიდირებას, ახალ გზებს პოულობენ იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა შეზღუდონ", — ვკითხულობთ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში — "თავისუფლება და მედია, 2019".
ანგარიშის თანახმად, ანტიდემოკრატიული ლიდერები მყიფე დემოკრატიის მქონე ქვეყნებში "მედიის მოთვინიერებას" სხვადასხვა ეკონომიკური, საკანონმდებლო თუ პირიქით, კანონგარეშე ინსტრუმენტებით და ქმედებებით ცდილობენ, სურთ დაადუმონ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები და გააძლიერონ თავის მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებები. გარდა ამისა, მდგრადი ბიზნესმოდელების სიმცირე, ნდობის ნაკლებობა, დეზინფორმაციის ნაკადები და სხვა ფაქტორები დამოუკიდებელ მედიასექტორს კიდევ უფრო ასუსტებს.
სარა რეპუჩი ამბობს, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში პრესის თავისუფლების მხრივ კლება გრძელდება და ეს პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კლებასთან ურთიერთდაკავშირებული საკითხია.
"ალბათ, მოვლენების ყველაზე შემაშფოთებელი განვითარება ბოლო წლებში, ეს არის პრესის თავისუფლების მიმართ უჩვეულო წნეხი შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს წამყვან დემოკრატიაში", — ამბობს სარა რეპუჩი და განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრესის თავისუფლების მიმართ ინსტიტუციური გარანტიები არსებობს, წამყვანი საინფორმაციო ორგანიზაციები კი რჩებიან ძლიერნი და აგრძელებენ ხელისუფლების შესახებ კრიტიკული მასალების მომზადებას, პრეზიდენტის განცხადებები მაინც შემაშფოთებლად მიიჩნევა.
"პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განგრძობითმა კრიტიკამ პრესის მიმართ, სერიოზულად გაამწვავა საზოგადოების "ნდობის ეროზია" მეინსტრიმ მედიის მიმართ. სხვა ნაბიჯებთან ერთად, პრეზიდენტი განმეორებითად იმუქრებოდა ცილისწამების კანონების გამკაცრებით, ზოგიერთი მაუწყებლისთვის ლიცენზიის ჩამორთმევითა და მედია მფლობელების სხვა ბიზნეს ინტერესების შეზღუდვით. ამერიკის კონსტიტუცია უზრუნველყოფს მრავალფეროვანი დაცვის გარანტიებს მსგავსი ქმედებების მიმართ, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის საზოგადო პოზიციას პრესის თავისუფლების თაობაზე ხელშესახები გავლენა ჰქონდა გლობალურ მედია ლანდშაფტზე. ჟურნალისტებს მსოფლიოს გარშემო ახლა უფრო ნაკლები მიზეზი აქვთ დაიჯერონ, რომ თუკი მათი საბაზისო უფლებები შეილახება, ვაშინგტონი მათ მხარს დაუჭერს და დაეხმარება", — ვკითხულობთ ანგარიშში.