სამართალი
ლაურა ღაჭავა გეგმავს, „ლილო სითიში“ ხანძრის მიზეზის დასადგენად უცხოელი ექსპერტები ჩამოიყვანოს

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. ლილო სითის მესაკუთრე ლაურა ღაჭავა გეგმავს, რომ ხანძრის გაჩენის მიზეზის დასადგენად უცხოელი ექსპერტები ჩამოიყვანოს. მისი განცხადებით, უცხოელი ექსპერტები 2-3 დღეში ჩამოვლენ.

ხანძართან მიმართებით დღის ბოლომდე დავიცდით, ვნახავთ, რა პასუხებს მივიღებთ და ამის მიხედვით ხვალ დავიწყებ ფიქრს. ექსპერტი ჩამომყავს ევროპიდან საქმის შესასწავლად. ალბათ, 2-3 დღეში ჩამოვლენ“, – განაცხა ლაურა ღაჭავამ.

ღაჭავას განცხადებით, ის ჯერჯერობით პირდაპირ არ უკავშირებს განვითარებულ მოვლენებს მის საქმიანობას, თუმცა აღნიშნავს, რომ ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის ბოლო პერიოდში მის კომპანიებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებითაც. ღაჭავას განცხადებით, უკვე 25 დღეა, ფინანსთა სამინისტრომ დააყადაღა და ინკასო დაადო მის ყველა კომპანიას და ისინი ვერ ახერხებენ სამუშაოების შესრულებას, რის გამოც ლაურა ღაჭავა არ გამორიცხავს რომ სამართლებრივი ბრძოლა დაიწყოს.

ჯერჯერობით ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ყველა ინსტანციაში განაცხადი, წერილები გვაქვს შეტანილი და გვაინტერესებს რეაგირება. პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ალბათ, ხვალამდე დაველოდებით, რადგან სავარაუდოდ, ხვალამდე ექსპერტიზის დასკვნასაც მივიღებთ. შემდეგ უკვე იძულებულნი გავხდებით, რომ ყველანაირად დავიწყოთ სამართლებრივი ბრძოლა. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს.

პირველ რიგში, ჩემთვის მთავარია, რომ ანგარიშზე ინკასო და ყადაღა მოიხსნას. შესაბამისი ორგანიზაციებიდან თუ პასუხს არ მივიღებთ, მერე იძულებულები გავხდებით, რომ ევროპაში წავიდეთ და სარჩელი იქ შევიტანოთ.

25 დღე წარმოებისთვის ძალიან დიდი დროა, რადგან გამიჩერდა სამკერვალო ფაბრიკა, უცხოელებთან კონტრაქტს ვერ ვდებთ, იმ მიზეზით, რომ ანგარიშია დაბლოკილი და საჭირო თანხას ვერ მირიცხავენ. ასევე ფული ვერ შეგვაქვს ბიუჯეტში, ვერც ხელფასს ვარიგებ და ბანკში პროცენტები ვერ შემაქვს. ამდენად, ვითარება იმგვარად მიდის, რომ ნელ-ნელა, მიზანმიმართულად მაკოტრებენ. ყველა ღონეს გამოვიყენებთ, რომ გაკოტრებას მოვერიოთ. მე მივიღებ კონსულტაციას სხვა იურისტებთანაც“, – განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

ლილოს დასახლებაში, ე.წ. ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა და მისი ლიკვიდაცია გამთენიისას მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი, 17 ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მათივე ცნობით, ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია დაადგენს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამასთან, ჩაინა ლილო სითის დირექტორმა ზვიად ქირიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლილოში „ლილო სითის“ ტერიტორიის მეპატრონე არის ლაურა ღაჭავა, ერეკლე და გიორგი კოდუების დედა, შესაბამისად, ის არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ იყოს გაჩენილი. პირველ დღეს ლაურა ღაჭავა და მისი შვილები დივერსიას გამორიცხავდენ, თუმცა დღის მეორე ნახევარში ღაჭავამ განაცხადა, რომ შესაძლოა, მომხდარი მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდებოდეს.