აქტუალური
სუსლიაკების ოჯახის 10 ბავშვი უკრაინაში ზელენსკის თვითმფრინავით დაბრუნდა

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. არასრულწლოვნებით ვაჭრობაში ბრალდებული უკრაინის მოქალაქის იულია სუსლიაკის 10 შვილი თბილისიდან უკრაინაში გაემგზავრა.

ბავშვების გასამგზავრებლად უკრაინის პრეზიდენტმა ვლდიმ ზელენსკიმ საკუთარი თვითმფრინავი გამოგზავნა.

ბავშვების უკრაინაში დასაბრუნებლად პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით თბილისში იმყოფებოდა მისი წარმომადგენელი ბავშვთა უფლებების საკითხებში ნიკოლაი კულება, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და შრომის, ჯანრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა.

ქართველმა სამართალდამცავებმა უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი 25 აპრილს ქუთაისში დააკავეს. ის 10 ბავშვთან ერთად გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ზუგდიდში, საიდანაც ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფ ქმართან გამგზავრებას გეგმავდა. ინტოქსიკაციის გამო ბავშვები ზუგდიდიდან ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცავებს ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც დოკუმენტების შემოწმებით გაირკვა, რომ რამდენიმე ბავშვი ერთსა და იმავე წელსაა დაბადებული.

იულია სუსლიაკს ბრალი წაუყენეს არასრულწლოვნით ვაჭრობის მუხლით. 27 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ სუსლიაკს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და თავიდანვე აცხადებდა, რომ ყველა ბავშვი მისი ქმრის ბიოლოგიური შვილია.

5 ივნისს იულია სუსლიაკის ადვოკატმა ზურაბ თოდუამ „რადიო თავისუფლებას“ აცნობა, რომ მიიღო სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, იულია სუსლიაკის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი 10-ივე ბავშვი მისი ქმრის ბიოლოგიური შვილია, მათგან 4-ის ბიოლოგიური მშობელი იულია სუსლიაკია.