უცხოეთი
ვაშინგტონმა თურქეთს რუსეთისგან „ეს-400“-ის სარაკეტო კომპლექსის შეძენაზე უარის სათქმელად ვადა მისცა

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. ვაშინგტონმა თურქეთს რუსეთისგან „ეს-400“-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსის შეძენაზე უარის სათქმელად ვადა 31 ივლისამდე მისცა. წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ-ი თურქ პილოტებს „ეფ-35“-ის ტიპის გამანადგურებლების მართვას აღარ შეასწავლის. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის თავდაცვის სამინისტროში გააკეთეს.

თურქეთი აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე და საერთაშორისო პარტნიორია. ანკარა აქტიურადაა ჩართული გამანადგურებელ „ეფ-35“-ის წარმოების პროგრამაში, რომელზეც პენტაგონი 420 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავს. თურქეთმა 100 ასეთი თვითმფრინავის შეძენის სურვილი უკვე გამოთქვა.

ამასთან, თურქეთმა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენის შესახებ მოსკოვთან შეთანხმება გააფორმა, რასაც აშშ-ისა და ნატო-ს სხვა წევრები ეწინააღმდეგებიან. ალიანსში მიიჩნევენ, რომ ასეთ შემთხვევაში, რუსეთს ექნება საშუალება, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს გამანადგურებელ „ეფ-35“-ის ფრენებისა და გამანადგურებლის სპეციფიკის შესახებ.

1tv.ge