სოჭის მერს, ანატოლი პახომოვს ძალიან გაუმართლა - 2014 წელს მან უნდა ჩაიბაროს ოლიმპიური ჩირაღდანი. მსოფლიოში სულ 21 ადამიანს ხვდა წილად ასეთი ბედნიერება. პახომოვი ოცდამეორე იქნება. მაგრამ მანამდე საზრუნავიც ბევრი აქვს ქალაქის თავს. ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის სწრაფად და ხარისხიანად მიმდინარეობაზე მთელი სახელმწიფო და ბიზნეს-სექტორი ზრუნავს; ყველას თავისი ინტერესი ამოძრავებს - ქვეყნის ხელისუფლებისთვის ეს პოლიტიკაა, ბიზნესმენებისთვის - სარფიანად დაბანდებული ინვესტიცია. აი, ანატოლი პახომოვი კი პასუხისმგებლობასთან ერთად იმასაც გრძნობს, რომ ზამთრის ოლიმპიური თამაშები სოჭის განვითარებისა და მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კურორტად ქცევის უნიკალური შანსია. ამის თაობაზე მომავალი ოლიმპიადის მასპინძელმა ვრცლად და საინტერესოდ ისაუბრა “ერთიანი საინფორმაციო ცენტრის” სოჭის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე. ამ ცენტრისა და “რია-ნოვოსტის” მიერ დსთ-ის, ბალტიისა და საქართველოს წარმომადგენლებისთვის ერთობლივად ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში, ორი დღის მანძილზე - 10-11 თებერვალს, კრასნაია პოლიანასა თუ იმერეთის დაბლობზე მშენებარე ოლიმპიური ობიექტების დათვალიერების შემდეგ, ბუნებრივია, შეკითხვებიც დაგვიგროვდა.
“პარალელების პრობლემა” მოხსნილია
“ერთიანი საინფორმაციო ცენტრის” სოჭის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ტატიანა სტრახოვა გულღიად გვმასპინძლობს და ცენტრის მუშაობას გვაცნობს. სწორედ აქ იყრის თავს ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც შემდგომ მთელ მსოფლიოში ავრცელებენ. ცენტრში არამხოლოდ ჟურნალისტების პროფესიულ ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებენ, არამედ, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ერთგვარი დასაქმების ბიუროს სახეც აქვს. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი რეკავს და ითხოვს ინფორმაციას სხვადასხვა მშენებარე ობიექტზე ვაკანსიების შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ცენტრი ოლიმპიადისთვის მზადების მთელ პროცესს თვალს ადევნებს და ნებისმიერ შეკითხვას ამომწურავად პასუხობს.
ტატიანა სტრახოვა უმაღლეს პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემულ პარალიმპიური თამაშების ამსახველ ალბომებს გვჩუქნის და მერის მოსვლამდე ოფისში გამოკრული ოლიმპიადის თილისმების ვარიანტებს ვათვალიერებთ. ახლა უკვე შერჩეულია და ყველამ იცის, რომ სოჭის ოლიმპიადას ერთდროულად სამი სიმბოლო - კურდღელი, თეთრი დათვი და ლეოპარდი ექნება. საუკეთესო თილისმები რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სმს შეტყობინებების საშუალებით 26 თებერვალს შეირჩა. ჩვენი იქ ყოფნისას კი მთავარ თილისმაზე პრეტენზიის მქონე ვარიანტები გვიჩვენეს: ჩიტისტვენია (სნეგირი), ლეოპარდი, ბაჭია, დელფინი და ორი დათვი - თეთრი და მურა, მატრიოშკა, ფიფქია, ცეცხლოვანი ბიჭი და თოვლის პაპა (“დედ მოროზი”). ვნახეთ სხვა ნახატებიც - ზოგი ძალიან გულუბრყვილოც კი. ჩემი ყურადღება მიიქცია “დუეტებმა”, რაც აღვნიშნე კიდეც - “თუკი სიმბლოზე ორი ფიგურა ერთად იქნება გამოსახული, პარალელების გავლება, ალბათ, არავის გაუჭირდება...” ტატიანა სტრახოვა მინიშნებას მიმიხვდა, გაიღიმა და მიპასუხა: “აი, თქვენც მიაქციეთ ყურადღება, ამაზე ჩვენც ვიფიქრეთ...”
ახლა, როცა თილისმები უკვე შერჩეულია, “პარალელების პრობლემაც” მოიხსნა.
ამასობაში “ცენტრის” ოფისში სოჭის მერი ანატოლი პახომოვიც მოვიდა, სხვათა შორის, ზუსტად დათქმულ დროს, და პრესკონფერენციაც დაიწყო.
სოჭი დღეს და ხვალ - რეალურ დროში
პირველი, რაც უთუოდ აღსანიშნავია, რადგან პრესკონფერენციის შემდეგ ყველას ეს შთაბეჭდილება დაგვრჩა, ქალაქის თავი სიღრმისეულად იცნობს სოჭის პრობლემატიკას და მისი განვითარების პერსპექტივასაც რეალურ დროში ხედავს. ანატოლი პახომოვისთვის პროექტი “სოჭი-2014” არამხოლოდ ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშებისთვის მზადებისა და ჩატარების პროგრამაა, არამედ ქალაქის აღორძინებისა და მთელი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების უნიკალური შესაძლებლობა.
“უპრეცედენტოდ მოკლე დროში პრაქტიკულად მთლიანად იცვლება ქალაქის კომუნალური, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. გვარდება კურორტის საკვანძო პრობლემა - ელექტროენერგიისა და გაზის დეფიციტი აღარ იქნება. რასაკვირველია, ქალაქი დამოუკიდებლად ვერასდროს შეძლებდა ისეთი პროექტების რეალიზებას, როგორიცაა “ჯუბგა-ლაზარევსკოე-სოჭის” გაზსადენისა და ერთდროულად 19 ელექტროქვესადგურის, ოთხი თბოელექტროსადგურის, ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ერთი თბოელექტროცენტრალის მშენებლობა. ამ პროექტების განხორციელება კი არამარტო საქალაქო სამსახურების შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს, არამედ განვითარების საფუძველსაც იძლევა,” - განაცხადა ანატოლი პახომოვმა და უნდა დავეთანხმოთ, რომ უამისოდ წარმოუდგენელია კონკურენტუნარიანი კურორტი. სოჭი კი ასეთად უნდა იქცეს უახლოეს მომავალში. ამიტომაც მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის სერიოზული რეკონსტრუქცია, რაც უწყვეტად წყალმომარაგებას უზრუნველყოფს და გარემოს დაბინძურებასაც კარდინალურად შეამცირებს. ასევე იგეგმება ნარჩენების გადამამუშავებელი კომპლექსის მშენებლობა, რაც ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის წლობით მოუგვარებელ პრობლემას.
ოლიმპიური პროგრამის მემკვიდრეობად დარჩება კეთილმოწყობილი ქალაქი, რომლის კონცეფციაც ქვეყნის წამყვანმა არქიტექტორებმა შეიმუშავეს.
“სოჭის ახალ არქიტექტურულ ანსამბლში უნდა ჩაეწეროს როგორც ქალაქის ტრადიციული ღირსშესანიშნაობები: დენდრარიუმი, რივიერა, საზღვაო პორტი, კინოსაკონცერტო დარბაზი და ზღვისპირეთი, ისე ოლიმპიადისთვის მზადებისას აშენებული ობიექტები: სპორტული არენები, ოლიმპიური პარკი, ახალი თანამედროვე სასტუმროები, ქალაქის სატრანსპორტო არტერიები და ბევრი სხვა,” - გვიყვება ანატოლი პახომოვი და, თუ თქვენ ჯერ არ გინახავთ, რა და როგორ კეთდება სოჭში, სიტყვაზე უნდა მენდოთ - საკუთარი თვალით ვიხილე დასუფთავებულ-მოვლილი ქალაქიც და უკვე აშენებული თუ მშენებარე თანამედროვე სასტუმროებიც, რომლებიც, მიუხედავად ეპოქის გავლენისა, იმდენად ბუნებრივად ეწერება ქალაქის საერთო არქიტექტურაში, რომ კონტრასტს ვერც იგრძნობთ.
ეს არის და იქნება მშვიდი საკურორტო ქალაქი, სადაც დამსვენებელთა კომფორტის უზრუნველსაყოფად მაქსიმალურად ირჯებიან. და არამხოლოდ ოლიმპიური ობიექტებს, არამედ მთლიანად ქალაქს ეძლევა ერთიანი არქიტექტურული იერი:“მხოლოდ მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიების გამართვის ადგილის მიმდებარედ მოგვიწევს ქალაქის 308 ქუჩისთვის ერთიანი არქიტექტურული იერის მიცემა. ამ ამოცანის გადასაწყვეტად დეტალური ინვენტარიზაცია ჩავატარეთ და რემონტის გრაფიკიც მოვამზადეთ. 13 500 ობიექტიდან, რომლებიც ამ ტერიტორიაზეა, 15 პროცენტი 2010 წელს გარემონტდა, 45 პროცენტს 2011 წელს გავარემონტებთ, 40 პროცენტს კი - 2012 წელს. 2009 წლიდან 250-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი გარემონტდა, თითქმის 200 კი ახლა რემონტდება”.
მეორე წერილში იმერეთის დაბლობზე უკვე აშენებული სოფლების შესახებ გიამბეთ. სოჭში კი არამხოლოდ ოლიმპიადის “კარის მეზობლებზე” ზრუნავენ, არამედ იმათზეც, ვინც ახლომახლო ცხოვრობს. რფ “სბერბანკთან” ერთად ახორციელებენ სპეციალური დაკრედიტების პროგრამას იმათთვის, ვისაც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების გარემონტების სურვილი აქვს. 44 სახლს ღობე შეუცვალეს, 98-ს ფასადი შეურემონტეს, 123 ახლიდან გადახურეს, 72-ის საყრდენი კედელი გაამაგრეს, 61 სახლს კი ფრონტონი გაურემონტეს.
გარდა ამისა, ოლიმპიადის მოსაზღვრე შენობების მფლობელებს არქიტექტურული გადაწყვეტის მზა ვარიანტები გადასცეს: ვაჭრობის - 880, საზკვების - 398, ოფისებისა და ბანკების - 78, სოციალური სფეროს - 138, საინჟინრო-ტექნიკური - 383 და განთავსების 813 ობიექტი ერთიან არქიტექტურულ სტილში ჩაჯდება. ასევე შენდება ან რემონტდება სოციალური ინფრასტრუქტურის 61 ობიექტი, რომლებიც თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით აღიჭურვება.
ოლიმპიადის მემკვიდრეობა
ახლა კი თბილისელებისთვის ბოლო დროს ძალიან ცნობილ და ხმაურიან თემას უნდა შევეხო: სოჭში უსაფრთხოების თანამედროვე სისტემა იქმნება. დაიწყო “უსაფრთხო ქალაქის” პროგრამის განხორციელება, რომელიც ვიდეოკამერების დაყენებასა და სამართალდამცავი ორგანოების ექსტერნად გამოძახებას გულისხმობს.
“მასობრივი თავშეყრის ადგილებში უკვე დაყენებულია 53 ვიდეოკამერა და მოქმედებს “მოქალაქე-პოლიციის” კავშირის 5 პუნქტი. შედგენილია ქალაქის ობიექტებზე დაყენებული ვიდეოთვალთვალის სისტემის რეესტრი. ამ რეესტრის მიხედვით მოგვიწევს, ერთიან სქემაში მოვაქციოთ სხვადასხვა ობიექტებზე განთავსებული 1100-ზე მეტი ვიდეოკამერა. ამ პროგრამის მიხედვით კი მთელი სოჭის ტერიტორიაზე 2326 ვიდეოკამერის მონტაჟი და “მოქალაქე-პოლიციის” კავშირის 51 პუნქტის ამოქმედება იგეგმება,” - ანატოლი პახომოვის ამ სიტყვებზე ქართველ ჟურნალისტებს გაგვეღიმა. მიზეზი კი ქართულ სინამდვილესთან პარალელის დანახვა იყო - თბილისში ეს პროგრამა, დიდი ხანია, წარმატებით ხორციელდება და ჩვენი თითოეული ნაბიჯი უყურადღებოდ არ რჩება.
საერთაშორისო დონის მომსახურების უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი საკვანძო ამოცანაა კვალიფიციური პერსონალის მომზადება. ქალაქში თითქმის ორჯერ იზრდება ადგილები დამსვენებელთათვის, შენდება დიდი რაოდენობით საინჟინრო და ინფრასტრუქტურული ობიექტი. მათი სრული დატვირთვით ამოქმედებას კი მუდმივი პერსონალი სჭირდება - 52 ათასი ადამიანი: “მხოლოდ დროებით, ოლიმპიური თამაშების დროს 62 ათასზე მეტი ადამიანი დაგვჭირდება. დროებითი პერსონალისთვის აშენებული საცხოვრებელი ფართი, მათ კი 600 ათასი კვადრატული მეტრი სჭირდებათ, ქალაქს შესაძლებლობას მისცემს, პრაქტიკულად მთლიანად გადაჭრას ბინის მომლოდინეთა, 27500-ზე მეტი ადამიანის, საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემა. ეს კი სოჭელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ოლიმპიადის შემდგომ დარჩებათ,” - გვითხრა ქალაქის თავმა.
ამ წერილის დასაწყისში აღვნიშნე, ძალიან გაუმართლა-მეთქი ანატოლი პახომოვს, რომ სწორედ ოლიმპიადის მასპინძლობის პერიოდში ხელმძღვანელობს ქალაქ სოჭს. ამ ბოლო მონაცემების გაცნობის შემდეგ, ალბათ, დამეთანხმებით, რომ წლობით ბინის რიგში მდგომი ბევრი სოჭელისთვის დიდი ხნის ოცნების ახდენის დრო დგება - მათ საკუთარი ჭერი ექნებათ და, ბუნებრივია, ქალაქის თავი ცდილობს, ოლიმპიურ თამაშებს მაქსიმალურად “გამორჩეს” თანამოქალაქეების სასიკეთოდ. მითუმეტეს, რომ სწორედ მათგან მზადდება ვოლონტიორთა რაზმები - 600-ზე მეტი სოჭელი ახალგაზრდა უკვე გაწევრდა ვოლონტიორთა მოძრაობაში და ოლიმპიური და პარალიმპიური იდეის აქტიური პროპაგანდაც მიმდინარეობს. მოკლედ, მთელი ქალაქი დიდ მზადებაშია, თითოეული მოქალაქისთვის საკუთარ საქმედ იქცა ოლიმპიადის მასპინძლობა და დიდ იმედებსაც ამყარებენ ამ თამაშებზე.
ქართული აქცენტი
ამ ძალიან სასიამოვნო ინფორმაციების გაცნობის შემდეგ ანატოლი პახომოვმა შეკითხვებზე პასუხისთვის მზადყოფნა გამოთქვა და საიფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმის” გენერალურმა დირექტორმა და მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმაც არ დააყოვნა. მან მასპინძელს ყველა ქართველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეკითხვა დაუსვა:
“საქართველოში სოჭის ოლიმპიადას როცა ახსენებენ, მუდმივად ხაზს უსვამენ აფხაზეთში მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფას. მართალია თუ არა, რომ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა - ახალი სარკინიგზო და საავტომობილო გზები, ასევე, ოლიმპიური ობიექტები აფხაზეთიდან შემოტანილი ინერტული მასალებით შენდება, სადაც, როგორც ამბობენ, ამის გამო სანაპირო ზოლი და პლაჟები აღარ დარჩა?”
ჩვენმა კოლეგებმა დსთ-დან და ბალტიის ქვეყნებიდან ისედაც იცოდნენ, რა გვაინტერესებდა ქართველ ჟურნალისტებს, რადგან მათთან საუბრებში არაერთხელ დავსვით “ქართული აქცენტები”, მაგრამ, როგორც ჩანს, ანატოლი პახომოვისთვისაც არ ყოფილა მოულოდნელი ქართველების ინტერესი და თითქოს ელოდა კიდეც (ბუნებრივია!) ამ შეკითხვას:
“ამას უფრო დაზუსტებით მშენებლები გეტყვიან, მაგრამ, როგორც მერმა, შემიძლია განვაცხადო, რომ ინერტული მასალების ასზე მეტი მომწოდებელი გვყავს და ყველა შემოთავაზებიდან ტერიტორიულად ყველაზე ახლო მყოფებს ვირჩევთ: ეს მთავარი კრიტერიუმია. ამიტომაც ეს, ძირითადად, კრასნოდარის მხარე და სოჭის ოლქია”, - უპასუხა ქალაქის თავმა.
ამ შეკითხვით ქართველმა ჟურნალისტმა მშენებლებსაც მიმართა. ღია სააქციო საზოგადოება “რუსეთის სარკინიგზო გზების ფილიალის - რუსეთის სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტთა მშენებლობისა და სარკინიგზო გზების კომპლექსური რეკონსტრუქციის დირექციის” შეკვეთის სამსახურის უფროსის მოადგილემ ანდრეი დუდნიკმა კი პასუხად განმარტა: “ჯერ ერთი, აფხაზეთთან ჩვენი დამაკავშირებელი სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები ისეთი სიმძლავრის არაა, რომ დიდი მოცულობის ინერტული მასალები გადაიტანო; მეორეც, იქიდან მასალების ჩამოტანა ჩვენთვის არარენტაბელურია, ის ქვიშა და ღორღი ოქროს ფასი დაგვიჯდება!”.
ჩვენი დაბრუნებისა და სოჭში მიღებული შთაბეჭდილებების პუბლიკაციის შემდეგ ამ თემაზე გარკვეული პრეტენზიები გაისმა. არ მინდა, ღრმა პოლემიკაში შევიდე პრეტენზიების ავტორებთან, მაგრამ მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჟურნალისტის საქმეა შეკითხვების დასმა და მიღებული პასუხის მკითხველამდე მიტანა. რაც შეხება დებატების წარმართვას, ეს არ ყოფილა ჩვენი პრესტურის მიზანი და, ალბათ, ესეც უნდა ესმოდეთ იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარ პოლიტიკურ გამოცდილებაზე დიდი წარმოდგენა აქვს.
მოტივაცია და სახელი
და ბოლოს, წერილების სერიის დასასრულ კვლავაც მინდა აღვნიშნო, რომ სოჭს მართლაც გაუმართლა: ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობა ამ საკურორტო ქალაქის ცხოვრებას ძირფესვიანად შეცვლის; ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების დედაქალაქის იმიჯი უდავოდ დიდ ფორას აძლევს სხვა საკურორტო ქალაქებთან.როდესაც ამ უპირატესობაზე საუბრობდა, ანატოლი პახომოვმა ისიც აღნიშნა, ვალდებული ვართ, პოტენციური სტუმრები მოვხიბლოთ და მათი მოლოდინი გავამართლოთო.
პოტენციური სტუმრებისა რა გითხრათ და, გულახდილად რომ ვთქვა, მე იმასაც არ ველოდი, თუ ამდენი რამ იყო უკვე გაკეთებული.
სოჭში გატარებულმა ორმა დატვირთულმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა: როცა მოტივირებული ადამიანები სწორ მიზანს დაისახავენ, შედეგს აუცილებლად მიაღწევენ.
თქვენ გგონიათ, მხოლოდ ანატოლი პახომოვს ვგულისხმობ? როცა სოჭის საკურორტო ინფრასტრუქტურას ვათვალიერებდით, ჩვენი მეგზური “ერთიანი საიფორმაციო ცენტრიდან” მიგვითითებდა 50-60 წლის წინათ აშენებულ შენობებზე და გვეუბნებოდა: “ეს სტალინის ბრძანებით აშენდა... ესეც...” “მაგ პერიოდში აქ ვინ იყო ქალაქის თავი?” - ვითომ გულუბრყვილოდ ვიკითხე. მეგზურმა მხრები აიჩეჩა, არ ვიციო.
ასეა, ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების ავტორი ყოველთვის ერთი ადამიანია და სოჭი ვითომ რატომ იქნება გამონაკლისი? 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადასაც ერთი კაცის სახელს უკავშირებენ. არ დავასახლებ, ისედაც ყველამ იცის!
ბონდო მძინარაშვილი
თბილისი-მოსკოვი-სოჭი-მოსკოვი-თბილისი
2011 წლის 9-12 თებერვალი