საზოგადოება
მაისში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი საქართველოში რუსეთიდან ჩამოვიდა

 საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. მიმდინარე წლის აპრილის მსგავსად, მაისში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი საქართველოში რუსეთიდან განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.

მაისში რუსეთიდან 113 138 ვიზიტი შედგა, რაც 2018 წლის მაისთან შედარებით 26,5 პროცენტით მეტია. რუსეთი ლიდერობს მიმდინარე წლის იანვარ-მაისის სტატისტიკაშიც. ხუთ თვეში 539 432 ვიზიტი დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 31,4 პროცენტით მეტია.

ვიზიტების რაოდენობით მეორე ადგილზე აზერბაიჯანია (99 073 ვიზიტი, ზრდა 0,4 პროცენტი), მესამეზე კი თურქეთი (95 063 ვიზიტი, კლება 7,6 პროცენტი).

ამასთან, ვიზიტორთა კლება კვლავ ფიქსირდება ირანიდან. თუ 2018 წლის მაისში ირანიდან 25 874 ვიზიტი შედგა, 2019 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 10 505 ვიზიტამდე შემცირდა (კლება 59,4 პროცენტი).

საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა მაისში 14,2 პროცენტით გაიზარდა. პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდება ტურისტულ ვიზიტებში, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან.