საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის გუნდი მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან უმაღლეს რადაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელმა რუსლან სტეფანჩუკმა განაცხადა.
„რაც შეეხება სააკაშვილს, ეს საკითხი განხილული იქნება“, – უპასუხა სტეფანჩუკმა შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა, რომ სააკაშვილი ზელენსკის გუნდს შეუერთდეს.
სტეფანჩუკმა განმარტა, რომ ახალი პრეზიდენტის გუნდი ჯერ კიდევ ყალიბდება.
„ჩვენ მოვიზიდავთ რაც შეიძლება მეტ საინტერესო ადამიანს. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, ისინი იყვნენ ახალი სახეები ახალი იდეებით, ახალი მიდგომებით“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.
ამასთან, სტეფანჩუკმა კატეგორიულად უარყო პეტრო პოროშენკოს ბლოკთან თანამშრომლობის შესაძლებლობა და მიზეზად იდეოლოგიური სხვაობა დაასახელა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 28 მაისს ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა, რის შემდეგაც, 29 მაისს სააკაშვილი კიევში დაბრუნდა.