პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ლუგარის ცენტრსა და ბაქტერიოფაგს ეწვევა

 საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. მედიცინის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამედიცინო და კვლევით ცენტრებს მოინახულებს, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრს, ასევე დავით ელიავას სახელობის კვლევით ინსტიტუტს – ბაქტერიოფაგს ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განუცხადა.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში ადამიანისა და ცხოველთა ჯანმრთელობის და ბიოუსაფრთხოების სფეროში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ განხორციელებულ უპრეცედენტო ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას.

პრეზიდენტი ასევე მიესალმება ლუგარის ცენტრის სამეცნიერო მიღწევებს, რომლის საშუალებითაც პირველად იქნა აღმოჩენილი ახალი პათოგენები, ასევე სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ფაქტორები, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი დაათვალიერებს ლუგარის ლაბორატორიაში ბიოუსაფრთხოების მე-3 დონის, განსაკუთრებით საშიში კულტურების ეროვნულ საცავს, ასევე სხვადასხვა ლაბორატორიას, ბაქტერიოფაგში კი – ფაგოთერაპიის ცენტრს, სასწავლო ლაბორატორიებსა და ბიბლიოთეკას.