აქტუალური
პირველ კვარტალში ბიზნესის ბრუნვის მოცულობა 27,5 პროცენტით გაიზარდა

 საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. 2019 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა 27,5 პროცენტით - 22,9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც.

სტატისტიკის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის პირველ კვარტალში გამოშვებული პროდუქციის მოცულობამ 9,5 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 9 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის პერიოდს.

ბიზნესსექტორში ყველაზე დიდი წილი – 39,8 პროცენტი ვაჭრობაზე მოდის (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა ხელოვნება, გართობა და დასვენება 23,9-პროცენტიანი წილით, შემდეგ დამამუშავებელი მრეწველობა – 9,1 პროცენტი, მშენებლობა – 5,7 პროცენტი, ტრანსპორტი და დასაწყობება – 5,7 პროცენტი, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 4,3 პროცენტი.

ბიზნესბრუნვაში დიდი წილი მსხვილ ბიზნესზე მოდის – 54,5 პროცენტი, საშუალო ბიზნესი – 17,4 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესი – 28,1 პროცენტი.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკა მიქაბაძე აღნიშნავს, რომ სტატისტიკა აჩვენებს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის ტენდენციას, რაც მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია.

2019 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საკმაოდ პოზიტიური ტენდენციები გვაქვს. კერძო სექტორი ვითარდება იმ ეკონომიკური სტაბილურობის, მიმზიდველი საინვესტიციო გარემოსა და ასევე სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად. ეს პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება, როგორც ბრუნვის, ასევე გამოშვების მიმართულებით. 2016 წლიდან საკმაოდ კომპლექსური მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის სტრატეგია ამოქმედდა. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობის ხელშეწყობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის არის შედეგიანი“, – განაცხადა ეკა მიქაბაძემ.

მთლიანობაში, ბიზნესსექტორში საშუალოდ 663,8 ათასი ადამიანია დასაქმებული, ეს მაჩვენებელი 2108 წლის ანალოგიურ პერიოდს 4,2 პროცენტით უსწრებს. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42,3 პროცენტი ქალია, ხოლო 57,7 პროცენტი – მამაკაცი. რაც შეეხება საშუალო ხელფასს, სტატისტიკოსების გათვლებით, კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულების საშუალო ანაზღაურება 1 151 ლარია.