პოლიტიკა
რუსულმა ენერგოჰოლდიგმა „ინტერ რაო ეესმა“ საქართველოს ბაზარზე შვილობილი კომპანია დაარეგისტრირა

 საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი ქვეყნის იმპორტიც არ უნდა იყოს, იმპორტდამოკიდებულება შემცირდეს, ეს ზოგადად იმპორტს ეხება და არა ერთ რომელიმე კონკრეტულ ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ ირინა მილორავამ ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ შპს ინტერ რაო საქართველოს რეგისტრაციის კომენტირებისას განუცხადა.

სემეკის თავმჯდომარის აზრით, მისი სურვილია, ელექტროენერგიის უფრო მეტი საბითუმო მიმწოდებელი დარეგისტრირდეს.

მილორავას თქმითვე, ისევე როგორც - “თელასი”, „ინტერ რაო საქართველო“ კლასიკური ქართული საწარმო იქნება, რომელიც ქართულ კანონმდებლობას დაექვემდებარება.

წინა წლებისგან განსხვავებით, კარგი ტენდენციაა ის, რომ თუ თქვენ წინა წლების ანგარიშებს ნახავთ, იქ ელექტროენერგიის იმპორტი ძირითადად რუსეთიდან ხდებოდა, ახლა ელექტროენერგიის იმპორტი უკვე აზერბაიჯანიდანაც ხდება. ეს არის კარგი და კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ ჩვენ თურქეთს განვიხილავთ, როგორც პოტენციურ იმპორტიორ ქვეყანას; აქამდე ჩვენ თურქეთს, როგორც საექსპორტო პოტენციალის ქვეყანას ასე ვიხილავდით, რადგან ელექტროენერგია ძირითადად ექსპორტზე გადიოდა.

ამიტომ მგონია, რომ მას შემდეგ, რაც ელექტროენერგეტიკულ სექტორში საბითუმო მიმწოდებლების ინსტიტუტი იქნა დაშვებული, მოსალოდნელიც იყო, რომ მეზობელი ქვეყნის ოპერატორები აქ დარეგისტრირდებოდნენ, ამით ბევრი არაფერი იცვლება; რაც აქამდე კეთდებოდა, ქართული კომპანიით გაკეთდება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში. ჩემი მოლოდინი და სურვილიც არის, რომ უფრო მეტი საბითუმო მიმწოდებელი დარეგისტრირდეს“, - აღნიშნა მილორავამ.

ცნობისთვის: 2019 წლის 22 მაისს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა ელექტროენერგიის (სიმძლვრის) ბაზრის წესების შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ დაარეგისტრირა შპს „ინტერ რაო საქართველო“, როგორც ელექტროენერგიის საბითუმო მიმწოდებელი. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს 5 წევრიდან სამი რუსეთის მოქალაქეა, მათ შორისაა ალექსანდრა პანინა, რომელიც, „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, კრემლის კარზე მიღებული მაღალჩინოსანია. „ინტერ რაო საქართველოს“ დირექტორი ვახტანგ ამბოკაძეა. მან აღნიშნული კომპანია ბაგებში საკუთარ ბინაში დაარეგისტრირა. ვიდრე ამბოკაძე ამ პოსტს დაიკავებდა, მანამდე წლების განმავლობაში ესკო-ს გენერალური დირექტორი იყო.