პოლიტიკა
ნატოს გემების ქართულ პორტებში შემოსვლის დიპლომატიური ნებართვები გამარტივდება – მთავრობა

 საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. საქართველომ შეიმუშავა საკანონმდებლო პროექტი, რომელიც ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების, ასევე ნატოს ოპერატიულ დაქვემდებარებაში მყოფი ხომალდებისთვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და პორტებში შემოსვლის დიპლომატიურ ნებართვებს გაამარტივებს. ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ მოხსენებაში.

მოხსენება 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობას შეეხება.

ქართული მხარე მზადაა, შესაძლებლობების ფარგლებში მიიღოს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს შავ ზღვაში მყოფ ალიანსისა და წევრი ქვეყნების ხომალდებს. ამჟამად შემუშავებულია საკანონმდებლო პროექტი ალიანსის მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების, ასევე ნატოს ოპერატიულ დაქვემდებარებაში მყოფი ხომალდებისთვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და პორტებში შემოსვლის დიპლომატიური ნებართვების გამარტივებაზე. აღნიშნული პროექტი წარდგენილია უწყებებთან შესათანხმებლად”, – ნათქვამია ბახტაძის მოხსენებაში.

პრემიერის მოხსენების მიხედვით, გაიზარდა ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების საპორტო ვიზიტების ინტენსივობა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ხოლო, თავის მხრივ, საქართველო მზადაა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს შავი ზღვის აუზის რეგიონის მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის აპრილის თვეში საპორტო ვიზიტი ნატოს მუდმივმოქმედმა მეორე საზღვაო შენაერთმა განახორციელა. სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებმა ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს ნატოს ხომალდებთან ერთად. სწავლებებში მონაწილეობდნენ აშშ-ის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადმოცემული აილენდის კლასის 2 ხომალდი − „დიოსკურიადაოჩამჩირე“, ასევე, ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის 4 ხომალდი − „HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), „BGS DRAZKI“ (ბულგარეთი) და „ROS Regele Ferdinand“ (რუმინეთი). წვრთნების მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება”, – ნათქვამია პრემიერის მოხსენებაში.

მისივე თქმით, ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან (MARCOM) 2017 წელს გაფორმებული ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი (JMOC) ყოველკვირეულ რეჟიმში ცვლის ინფორმაციას ნატოს ნაოსნობის ცენტრთან (NATO Shipping Center).

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ არასაიდუმლო ინფორმაციის გაცვლა. 2018 წლის 25 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დამტკიცდა საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალი დებულება, სადაც გაიწერა ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები და უწყებათშორისი თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები, - აღნიშნულია მოხსენებაში.