საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის ვიზის მიღების მსურველებმა ამიერიდან განაცხადში სოციალური ქსელების საკუთარი აკაუნტების სახელები უნდა მიუთითონ, აუწყა РИА Новости-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
„სახელმწიფო დეპარტამენტმა განაახლა საიმიგრაციო და არასაიმიგრაციო ვიზების მისაღებად განაცხადების ბლანკები, რათა ამერიკული ვიზის მოპოვების მსურველებისგან გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის იდენტიფიკატორების შესახებ სოციალურ ქსელებში“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
მან კონკრეტული თარიღი არ დაასახელა, თუმცა, გამოცემა Hill-ის ინფორმაციით, წესები ძალაში 31 მაისს შევიდა.
„ვიზის მოპოვების მსურველთაგან ამ დამატებითი ინფორმაციის მიღება განმცხადებლების შემოწმების და მათი იდენტიფიცირების პროცესს სრულყოფს“, - აღნიშნა უწყების წარმომადგენელმა.
მან ასევე განმარტა, რომ ეს ინიციატივა გაჩნდა ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებაში აშშ-ში შესვლის მსურველთა შემოწმების გამკაცრების შესახებ.
Hill სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ განცხადებაში არსებობს შესაძლებლობა მიეთითოს, რომ განმცხადებელი სოციალური ქსელებით არ სარგებლობს, მაგრამ ტყუილის შემთხვევაში ამას „სერიოზული საიმიგრაციო შედეგები მოჰყვება“.
ჩინოვნიკის თქმით, ეს ღონისძიებები მიმართულია „ტერორისტთა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საფრთხეების და სხვა საშიში პირების გამოვლენაზე“, რათა ქვეყანაში მათი შესვლა არ დაუშვან.