სამართალი
თბილისში საბანკო დავალიანების გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების რიცხვი 5 ათას აღწევს

dolidze_viktorპოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, თბილისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძის განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელ თბილისელთა რაოდენობა კატასტროფულად იზრდება. როგორც მან დღეს, 11 მარტს, საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დედაქალაქში მცხოვრები 5000-მდე ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი. ამის მიზეზად ვიქტორ დოლიძე შემდეგ გარემოებებს ასახელებს: ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის დაცვის ხარჯების დასაფარავად ბინების გაყიდვა, ბანკის სესხების დაუფარაობა და ოჯახის წევრთა მიმართ განხორციელებული სამართალდევნისას საპროცესო გარიგებების თანხის დაფარვა.

„თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ შექმნილი ვითარება ქვეყანაში გატარებული გაუაზრებელი, უსისტემო და უპასუხისმგებლო სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. ქალაქის მერიას საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების მონაწილეობით ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას ვთავაზობთ, რომელიც საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიასა და საკრებულოს სხდომებს შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად მოამზადებს“, – აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.

მისი თქმით, უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს სოციალური საცხოვრისის 2012-2045 წლის მუნიციპალური პროგრამა. მისი განხორციელების პირველი ეტაპი მომავალი წლიდან დაიწყოს და ამ მიზნით დედაქალაქის 2012 წლის ბიუჯეტში არანაკლებ 10 მილიონი ლარი გამოიყოს. ვიქტორ დოლიძის განმარტებით, სოციალური საცხოვრისი ერთგვარი დროებითი თავშესაფარი უნდა იყოს, სადაც უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს დროებით შეასახლებენ. ვიქტორ დოლიძე აღნიშნულ წინადადებას თბილისის მერ გიგი უგულავას წერილობით დღესვე გააცნობს.