პოლიტიკა
მამუკა ბახტაძემ პარლამენტს პირველი წლიური ანგარიში ივნისის ბოლომდე უნდა წარუდგინოს

 საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პირველი წლიური მოხსენება ივნისის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.

საკანონმდებლო ორგანოსთვის წლიური მოხსენების წარდგენა ახალი რეგლამენტით არის განსაზღვრული, რომლის მიხედვით, მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს 1 ივნისამდე წარედგინება.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მოხსენებით გამოსვლის დროსა და ფორმატს, რეგლამენტის თანახმად, დროს პრემიერთან შეთანხმებით პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს, მთავრობის ხელმძღვანელის მოხსენების დასრულების შემდეგ კი პოლიტიკური დებატები გაიმართება.

ძველი რეგლამენტის პირობებში პრემიერ-მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშს წერილობითი ფორმით სექტემბერში წარუდგენდა.