პოლიტიკა
რუსეთ–საქართველოს მომდევნო შეხვედრა მსო-ს თაობაზე აპრილში შედგება

wto_shexvedra

ქართული და რუსული მხარეები მოსკოვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრებასთან დაკავშირებით მომდევნო შეხვედრას აპრილში გამართავენ.

ამის შესახებ განუცხადა ჟურნალისტებს 11 მარტს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნიკო მჭედლიშვილმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ უფრო ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ბერნში რუსულ მხარესთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინიტრის მთავარი მრჩეველი, ქართული მხარის წარმომადგენელი მოლაპარაკებაში მსო-ს საკითხებზე თამარ კოვზირიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე.

შეხვედრა შვეიცარიის შუამავლობით გაიმართა, რომელიც რუსეთის დიპლომატიურ ინტერესებს წარმოადგენს საქართველოში და საქართველოს ინტერესებს რუსეთში მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ვაშინგტონი „აქტიურად მოუწოდებდა“ რუსეთსა და საქართველოს, შვეიცარიის შუამავლობის პირობებში მოლაპარაკების მაგიდას მისხდომოდნენ, თუმცა აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ მოლაპარაკებებში არავითარ როლს არ ასრულებენ, – იტყობინება „New York Times“ აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც კომენტარი ანონიმურობის დაცვის პირობით გააკეთა.

როგორც უკვე იუწყებოდა საქინფორმი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს მცდელობები, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრების პირობების „პოლიტიზება“ მოახდინოს, „კატეგორიულად მიუღებელია“ მოსკოვისთვის.

ლუკაშევიჩმა შეხვედრას „კონსულტაციები სამმხრივ ფორმატში“ უწოდა.

„დიალოგი უნდა წარიმართოს მხოლოდ ვაჭრობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომლებიც მსო-ში გაწევრებას უკავშირდება. თბილისის სავარაუდო მცდელობები – შეეხოს ზოგიერთ პოლიტიკურ ასპექტს, რომელთაც არაფერი აქვს საერთო რუსეთის მსო-ში გაწევრების პრობლემასთან, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია; მინდა, ეს მთელი კატეგორიულობით აღვნიშნო,“ – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

მოსკოვი იმედოვნებს, რომ შვეიცარიის შუამავლობა კონსულტაციებში „ეფექტიანად წაადგება ამ გაჭიანურებული საკითხის მოგვარებას“, – განაცხადა მან.

ლუკაშევიჩმა ისიც განაცხადა, რომ ეს თემა, ასევე, განიხილეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 9 მარტს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე.

ოფიციალური თბილისი მოსკოვს პირობად როკისა და ფსოუს უკანონო საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაციას უყენებს.