რელიგია
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1 ივნისს წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის დღე აღნიშნა

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ პირველ ივნისს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის 1700 წლისთავის აღნიშვნა დაიწყო.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით 10:00 საათზე მღვდელმთავრების მონაწილეობით წირვა დაიწყო ახალქალაქის რაიონის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბასთან, წმინდა ნინოს შემოსვლის ადგილზე და საქართველოს ყველა ეკლესიაში.

თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორე და გამობრძანებული იქნა წმინდა ნინოს ჯვარი.

9 ივნისს, კვირა დღეს, 10:00 საათზე, ასევე საზეიმო წირვა ჩატარდება ბოდბეში, სადაც იკურთხება და გაიხსნება წმინდა ნინოს სახელობის ახლად აგებული ეკლესია.

1 ივნისს ფოკას მამათა მონასტერში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. ამასთან, ის შეუერთდა მსვლელობას, რომლის 2000 მონაწილე წმინდა ნინოს გზას გაივლის.