სამართალი
პროკურატურის უფლებათა გაფართოებაზე საკანონმდებლო ცვლილებამ პარლამენტში დებატები გამოიწვია

Court_prokuraturaპარლამენტში დებატები გამოიწვია საკანონმდებლო ცვლილებამ, რომლის მიხედვითაც, პროკურატურა უნდა ჩაერთოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სასამართლო საქმეების განხილვაში, თუ სახელმწიფოსთან დავის ღირებულება 500 ათას ლარს აღემატება.

2009 წლიდან ეს ხდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევები, თუ დავის საგნის ღირებულება 1 მლნ ლარს აღემატებოდა. ამ ზღვარის დაწევით, მმართველი პარტიის დეპუტატების ინიცირებული ცვლილების მიხედვით, ფართოვდება იმ საქმეების სპექტრი, რომლებზეც სახელმწიფო უწყებებს შეეძლებათ მათი ინტერესების დაცვა სასამართლო პროცესზე პროკურატურას თხოვონ. კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ნორმა არ გავრცელდება მხოლოდ საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავებზე.

საკანონმდებლო ცვლილებას პარლამენტმა მეორე მოსმენით დღეს უყარა კენჭი ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, რომ საკითხის გადადება მომხდარიყო.

დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული პარტიიდან ლევან ვეფხვაძემ მწვავედ გააკრიტიკა ინიციატივა, რომელიც, მისი თქმით, იმის დემონსტრირებაა, რომ "სახელმწიფო ბიზნესს ელაპარაკება ძალის ენით“. ვეფხვაძის განცხადებით, ეს ცვლილება ეწინააღმდეგება ბიზნესგარემოს გაუმჯობესების თაობაზე მთავრობის მიერ დეკლარირებულ ახალ ეკონომიკურ კურსს. მისი თქმით, სამოქალაქო ტიპის საქმეში ჩართული უნდა იყოს თავად ის უწყება, რომელთანაც დავა მიმდინარეობს და არა პროკურატურა.

ვეფხვაძის ვარაუდით, აღნიშნული ცვლილება ხორციელდება იმ კომპანიების დაშინების მიზნით, რომლებმაც სახელმწიფოს დაკვეთა შეასრულეს, თუმცა ისინი "გადააგდეს“, რადგან გაწეული სამუშაოს მომსახურება არ აუნაზღაურეს. მისი თქმით, პროკურატურის ასეთ საქმეში ჩართვა "არის პირდაპირი შანტაჟი იმ მეწარმეების, რომელთაც გარკვეული დავა შეიძლება ჰქონდეთ სახელმწიფოსთან“.

კანონპროექტის ავტორმა, დეპუტატმა კახა ანჯაფარიძემ ამ კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომ “ბიზნესზე ზეწოლა არ მოხდება“. მისი თქმით, ცვლილება ხორციელდება იმის გამო, რომ "ასეა საჭირო“.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პავლე კუბლაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, რომ სახელმწიფო უფრო კვალიფიციურად იყოს წარმოდგენილი დავებში. "ჩვენი ინტერესი არავის დაშინება არ არის,“– განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ ინიციატივა საგადასახადო დავებზე არ გავრცელდება.

დებატები ინციდენტით დასრულდა მას შემდეგ, რაც კუბლაშვილმა ოპონენტები "არაკვალიფიციურობაში“ დაადანაშაულა. იმის გამო, რომ ლევან ვეფხვაძე ამ ბრალდებაზე პასუხის გასაცემად სიტყვის უფლებას ადგილიდან ითხოვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მისი რამოდენიმე შენიშვნის გაუთვალისწინებლობის შემდეგ ვეფხვაძე დარბაზიდან გააძევა. ბაქრაძის თქმით, ვეფხვაძისთვის გამოსვლის შესაძლებლობის მიცემა რეგლამენტის დარღვევა იქნებოდა.

 

სივილ ჯორჯია, თბილისი