პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: „ნულოვანი ჯამის თამაშები“

     არაერთხელ გავაფრთხილე საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მედიის საშუალებით ერთადერთი იმედით - რომ ჩემს კეთილ რჩევას ღირსეულად დააფასებს მისი ლიდერი - მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი - ერთადერთი, ვისაც ძალუძს, არსებულ ჩიხურ ვითარებაზე გავლენა მოახდინოს: მეზობლებთან - შავიზღვისპირა სახელმწიფოებთან რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან სრულფორმატიანი პარტნიორობა საქართველოს უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას და განვითარებას მოუტანს! ბოლოს 13 და 27 მაისის პუბლიკაციებში „მოგზაურობა ლარსიდან ყარსამდე“ და „კედლის ფსიქოლოგია, როგორც საქართველოს პოლიტიკური ჩიხი“, რომლებიც საქინფორმმა, Sputnik-Georgia-მ, NEWS FRONT-მა, ასავალ-დასავალმა და სხვა ქართულმა და უცხოურმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს, დაწვრილებით გადმოვცემ - რა ეკონომიკურ სარგებელს უქადის ჩინური მეგაპროექტის „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ მარშრუტზე განლაგებული უნიკალური გეოსტრატეგიული მდებარეობის მქონე საქართველოს რუსეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის ერთობლივ პროექტებთან მიერთება, კერძოდ - ახალ სარკინიგზო პროექტთან „ბაქო-ახალქალაქი-ყარსი“.

     „საქართველოს შეუძლია, არა მარტო გადარჩეს, არამედ ძალიან მდიდარი სახელმწიფო გახდეს. ამისათვის საჭიროა, უბრალოდ, უფრო ახლოს იყოს მეზობლებთან და აღარ ჰქონდეს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მითების იმედი. საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას თვითიზოლაციის პოლიტიკაზე და დღეისათვის ჩიხური ტერიტორიული პრობლემებით დაკომპლექსებაზე. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის აღდგენის სურვილის არქონით საქართველოს ხელისუფლება, თვისდა უნებურად, ბლოკადისთვის რუსეთს კი არა, საქართველოს წირავს და არ სურს, ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანოს, სადაც ის სააკაშვილმა შეიყვანა!“, - აი, ზემოთ მითითებული პუბლიკაციების მთავარი მესიჯი, რომლის პროდუქტიულობა ივანიშვილმა, როგორც ბიზნესმენმა და მილიარდერმა, მაშასადამე - უმაღლესი ხარისხის პრაგმატიკოსმა, შეუძლებელია, არ შეაფასოს.

     მაგრამ როგორც პატრიოტსა და ფილანტროპს, რომელმაც საქართველოში კულტურულ პროექტებზე დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი დახარჯა, ბიძინა ივანიშვილს არ შეიძლება, არ უხაროდეს, რომ საქმიანი თანამშრომლობა მეზობლებთან, ეკონომიკური კავშირების განვითარება უდავოდ გამოიწვევს ჰუმანიტარული კავშირების განვითარებას და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების პოლიტიკურ ინტეგრაციას!

     და აი, 30 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბულგარულ გამოცემა „საერთაშორისო ცხოვრებას“ ინტერვიუ მისცა, რომლის თითოეული თეზისი პრაქტიკულად მთლიანად ადასტურებს ჩემ მიერ საქართველოს მთავრობისთვის მიცემულ კეთილ რჩევას. შავიზღვისპირეთი აერთიანებს სხვადასხვა სახელმწიფოს, რომლებიც ამავე დროს მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, ერთმანეთთან გადაჯაჭვულები ისტორიულად და ეკონომიკურად. აქ ერთმანეთს კვეთს ძველი და იქმნება ახალი სავაჭრო გზები, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნები. რეგიონს აქვს ყველა შანსი, გახდეს მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი წყარო, ევრაზიულ სივრცეში ლოგისტიკურ ჯაჭვში საყრდენი პუნქტი. ამგვარად, ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პოტენციალი სახეზეა, მთავარია მისი სწორად რეალიზება“, - განაცხადა, კერძოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რაც საქართველოს ხელისუფლებისადმი ჩემი რეკომენდაციების რეალიზმს ადასტურებს. ეს ნიშნავს, რომ საქართველო შავი ზღვისპირეთის ქვეყნებთან - რუსეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად, როგორც მათთან ერთობლივი პროექტების სრულფასოვანი ფიგურანტი, ევროკავშირისთვის გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე მარტო! აი, ევროინტეგრაციის რეალური გზა საქართველოსთვის, და არა მისწრაფება, ევროკავშირის ახალი წევრი გახდეს, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის მაგივრად, რაც საფუძველს მოკლებულია! რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს ევროპისთვის მარტოს, ემიგრანტების გარდა, რომლებიც ნებისმიერი უკანონო გზებით ცდილობენ დევნილების სტატუსის მიღებას და ევროპაში სამუდამოდ საცხოვრებლად დარჩენას, ამით კი ვიზალიბერალიზაციის რეჟიმს საფრთხის ქვეშ აყენებენ?! ევროპისთვის, რომელიც თვითონაც გადაფორმატების პროცესშია და აღმოსავლეთიდან და აზიიდან ჩამოსული ემიგრანტების გამო სერიოზული პრობლემები აქვს?!

     გარდა ამისა, შავი ზღვის რეგიონის პოლიტიკურ სიტუაციაზე საუბრისას ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა რეგიონში დაძაბულობის განმუხტვა. ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელია მხოლოდ კოლექტიური ქმედებებით, „ნულოვანი ჯამის თამაშებზე“, არარეგიონული მოთამაშეების (აშშ და ნატო - ა.ხ.) მიერ თავს მოხვეულ სტერეოტიპებსა და შაბლონებზე უარის თქმით“, – მიაჩნია რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, რაც ეხმიანება ჩემ მიერ ზემოთ თქმულს - „ამისათვის საჭიროა, საქართველო უფრო ახლოს იყოს მეზობლებთან და აღარ ჰქონდეს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მითების იმედი“.

     „მნიშვნელოვანი გამაერთიანებელი ფაქტორი, შესაძლოა, გახდეს ეკონომიკა, ურთიერთხელსაყრელი პრაქტიკული თანამშრომლობის აწყობა, ურთიერთდაკავშირებულობის გაძლიერება საინფორმაციო-საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, სავაჭრო, კულტურულ, ტურისტულ და სხვა სფეროებში, ადამიანებს შორის კონტაქტების განვითარება - ეს ყველაფერი მოწოდებულია, შავი ზღვის რეგიონში ვითარების საერთო გაჯანსაღებას ხელი შეუწყოს“, - ლავროვის ეს სიტყვები ადასტურებენ არსებული პრობლემისადმი ჩემი მიდგომის კრეატიულობას, რაც დაწვრილებით არის გაანალიზებული ზემოთ მითითებულ პუბლიკაციებში.

     კიდევ რა კომენტარი შეიძლება გაუკეთდეს სერგეი ლავროვის მაქსიმალურად მკაფიო გზავნილს შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყნისადმი? მეასედ გავიმეოროთ სენტენციები დივიდენდებზე, რომლებიც საქართველოსთვის მოაქვთ რუს ტურისტებს, რუსეთიდან ფულად გადმორიცხვებს და ქართული პროდუქციის რუსეთში ექსპორტს? ოღონდ რატომ არ ერგება სახელმწიფო ხაზინაში შემოსული ეს მილიარდობით შემოსავალი საქართველოს მოსახლეობას, რომლის მძიმე სოციალური მდგომარეობა დღითი დღე უარესდება?! ალბათ, იმიტომ, რომ რუსეთთან ვაჭრობდე და ამავე დროს არ ელაპარაკებოდე მას, ეკონომიკურ კავშირებს ავითარებდე და ამავე დროს პოლიტიკურ კავშირებს ბლოკავდე, რუსულ ინვესტიციებს იღებდე და საინფორმაციო, კულტურულ და სხვა კომუნიკაციებს ამუხრუჭებდე, ტურიზმს ცალმხრივად ავითარებდე - რუსეთიდან საქართველოში, და არ აღადგენდე დიპლომატიურ ურთიერთობას, რის გამოც მილიონობით ქართველი სავიზო რეჟიმით წვალობს (რუსებისგან განსხვავებით, რომლებსაც საქართველოში ვიზა არ სჭირდებათ!) - სწორედ ეს არის „ნულოვანი ჯამის თამაშები“, როგორც მართებულად შენიშნა ლავროვმა.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
საავტორო პუბლიკაციის მასალების მიხედვით - Sputnik «Когда грузинская политика перестанет быть «ИГРОЙ С НУЛЕВОЙ СУММОЙ»»
2019 წლის 3 ივნისი
საქართველო, თბილისი