სამართალი
საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა გამოძიებაზე - როგორ იქნა მოკლული პანკისში სუს-ის ანტიტერორისტული ოპერაციის დროს თემირლან „პანკისელი“, რომელიც ახმედ ჩატაევთან მეგობრობდა

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. შესაბამის დადგენილებას მხოლოდ 30-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ითხოვდა. ფრაქციამ საქართველოს პარლამენტს განსახილველად შესაბამისი დადგენილება თებერვალში წარუდგინა.

პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სალომე სამადაშვილმა, თინა ბოკუჩავამ და ნიკა მელიამ გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ უმრავლესობას გამბედაობა არ ეყო“.

ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და დააფიქსირა თავისი ნება. ჩვენ ამაზე ქონდა მსჯელობა, მათ შორის მაშინ, როდესაც იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოხსენება. საკმარისზე მეტი ინფორმაცია მივიღეთ ამ თემასთან დაკავშირებით. ვიდრე სხვას მოუწოდებთ გამბედაობისკენ, თქვენ მოგიწოდებთ გონიერებისკენ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.