პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა!!!

 საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი შეჩერების პირასაა.

ამის შესახებ ხაზარაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

ანაკლიის პროექტი შეჩერების პირასაა!!!“ – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ განცხადება გაავრცელა. განცხადების თანახმად, თუ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას არ მოჰყვა რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქში ახალი საზღვაო ნავსადგურის მშენებლობა იწყება. პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება 250 მილიონი ამერიკული დოლარია. ახალი ნავსადგურის მშენებლობის სამუშაოები ევროპული ინვესტიციებით განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვით დამტკიცდა ფოთში, საზღვაო ნავსადგურის ჩრდილოეთით, ახალი ღრმაწყლოვანი მრავალფუნქციური ნავსადგურის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები.

ამასთან, ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღების შესახებ განცხადება გაავრცელა კომპანიამ ეიპიემ ტერმინალს ფოთი“. ფოთის საზღვაო ნავსადგური აფასებს ახლახან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემით გამოხატულ მხარდაჭერას, რაც ფოთის პორტის გავლით ლოგისტიკური ჯაჭვის გაძლიერებას და ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნულია განცხადებაში. „ეიპიემ ტერმინალსმა“ „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ 2011 წლის აპრილში, შეისყიდა.

დადგა ნდობის მომენტი, გაჩნდა ეჭვი - რა გარანტია არსებობს, რომ მსგავსი რამ არ მოხდება მომავალში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გარშემო განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ახვლედიანი აცხადებს, ანაკლიის პორტის ინვესტორების მხრიდან საკმაოდ დიდი შეშფოთება მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას ფოთში ახალი პორტის მშენებლობის შესახებ, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ ეს ინფორმაცია 21 მაისს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე არ გაჟღერებულა.

გუშინ გვირეკავდნენ ინვესტორი ბანკები და გამოთქვამდნენ დიდ შეშფოთებას, იყვნენ შოკირებულნი. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ნებართვა 2 მაისს გაიცა და ამის შესახებ 21 მაისს გამართულ შეხვედრაზე არაფერი თქმულა. ეს ინვესტორების ნდობას აზიანებს როგორც მთავრობის, ისე პროცესის მიმართ. ახლა მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს ნდობა აღადგინოს და კვლავ კონსტრუქციული მოლაპარაკების რეჟიმში დავბრუნდეთ", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ამასთან, ლევან ახვლედიანის თქმით, არ შეიძლება, ტოლობის ნიშანი დაისვას ფოთისა და ანაკლიის პორტს შორის, რამდენადაც ანაკლიის პორტს სტრატეგიული დატვირთვა აქვს ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.

შეგახსენებთ, ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია. როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც აღნიშნული ნებართვა გასცა.

დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას. ეს არის .. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ერთ-ერთი ჩვენი სააგენტოს კერძოდ, მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე რომ, ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული არც ერთ მოქმედ მთავრობის წევრთან და არც ჩემთან პირადად.

გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევები, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და გაუქმდა ეს დოკუმენტი, ასევე სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, - განაცხადა თურნავამ.