საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. პოლიტიკური მანიპულაციები ავნებს საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც, ავნებს კავკასიაში მშვიდობას, ეს არავის სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისა და აზერბაიჯანის დიპლომატიის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ ხალხს აზერბაიჯანის სახელმწიფოს რესპუბლიკის დღე მიულოცა და აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე ილაპარაკა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, 100 წლის წინ კავკასიის რეგიონმა გადადგა ძლიერი ნაბიჯები დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისაკენ, დააღწია თავი ძველ იმპერიას და აირჩია ევროპული და დემოკრატიული გზა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მაშინ კავკასიის ქვეყნები უფრო პროგრესული ქვეყნები იყვნენ, ვიდრე ბევრი სხვა, რადგან ამ რეგიონში ქალებს მინიჭებული ჰქონდათ არჩევნებში ხმის მიცემის უფლება.
„1991 წელს ისევ ერთობლივად აღვადგინეთ ჩვენი დამოუკიდებლობა და შევუდექით განვითარების იმ გზას, რომელსაც დღემდე მივყვებით. ჩვენი ურთიერთობა დაფუძნებულია მეგობრობაზე, საერთო ინტერესებზე და, პირველ რიგში, დაფუძნებულია ხალხზე. იმ ქართული წარმოშობის მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ თქვენს ტერიტორიაზე და იმ აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეებზე, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენს ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ეს ადამიანური ჯაჭვი აერთიანებს ორივე ქვეყანას. ასევე გვაერთიანებს კულტურა და ეკონომიკა. ჩვენი ქვეყნები ვითარდებიან ერთად შავსა და კასპიის ზღვებს შორის და ჩვენ გვაქვს საერთო გზა, როგორც ევროპისკენ, ასევე აღმოსავლეთისა და ჩინეთისკენ. კავკასია დღეს სატრანსპორტო და სავაჭრო ქსელების განვითარების კუთხით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონი ხდება. ჩვენ გვაერთიანებს ის, რომ ვიცავთ მეორე ქვეყნის სუვერენობასა და მთლიანობას. იმედი მაქვს, გაერო-ში ლტოლვილთა შესახებ რეზოლუციას წელსაც დაუჭერთ მხარს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დადგენის პროცესზეც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ ორ მეგობარს შორის არ შეიძლება არსებობდეს ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი საზღვრების საკითხი.
„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი განვითარების გზა, რადგან კავკასია არის და იქნება სტაბილური რეგიონი. შესაძლოა, ეს ვიღაცებს არ მოსწონთ და მიმდინარეობს ზოგიერთი საკითხით მანიპულირება და ამ დღეებში გვესმის აჟიოტაჟი ზოგიერთ საკითხზე, რომელიც ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის კომისიებზე მოლაპარაკებების გზით წყდება. ეს 21-ე საუკუნის მშვიდობიანი და ნორმალური გზაა. ვისაც სურს, სხვა გზაზე წაგვიყვანოს, ის ეკუთვნის წარსულს. წარსულს, რომელშიც არ დავბრუნდებით. ეს პოლიტიკური მანიპულაციები ორივე ქვეყანას ავნებს, ავნებს კავკასიაში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას, ეს არავის სჭირდება და ჩვენ ეს კარგად გვესმის, ამიტომ შევუდექით საბოლოო მიზნისათვის ერთობლივ მუშაობას. ამაზე ვიმუშავებთ ძალიან სერიოზულად და დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ შედეგს, რომელიც იქნება თქვენთვისაც და ჩვენთვისაც მისაღები, სწორედ ესაა მოლაპარაკებების ხიბლი“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.