საზოგადოება
დარწმუნებული ვარ, საქართველო აუცილებლად შედგება, როგორც ერთიანი და ძლიერი ევროპული სახელმწიფო - პრემიერი ბახტაძე

 საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებითა და გვერდში დგომით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ საწადელს და საქართველო აუცილებლად შედგება, როგორც ერთიანი და ძლიერი ევროპული სახელმწიფო, - ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართველებისთვის ეს დღე განსაკუთრებული და ყველაზე ძვირფასია.

"თაობები იბრძოდნენ იმისთვის, რომ შემდგარიყო თავისუფალი საქართველო. დღეს ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა, დამოუკიდებელი საქართველო, რომელიც მყარად დგას იმ გზაზე, რასაც ჩვენი მისწრაფებები ჰქვია, ის მისწრაფებები, რომლისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. მსურს, მივულოცო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ემიგრანტებს და მეგობრებს, რომელთაც ისევე უხარიათ საქართველოს წარმატებები, როგორც ჩვენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიებას პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, თბილისის მერი კახ კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, კულტურის სფეროს და სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები დაესწრნენ.