საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას აჭარის მთავრობის აპარატის პრესცენტრში ადასტურებენ. აქ გვითხრეს, რომ ინგა შამილიშვილი ფესტივალზე რუსული დროშის გამოჩენის გამო დატოვებს თანამდებობას და გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უკვე მიიღო.
26 მაისს ფესტივალ „ოქროს დელფინის“ ფარგლებში 8 ქვეყნის წარმომადგენლებმა საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობის დროს რუსული დროშებიც გამოჩნდა. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, რუსული დროშები ფესტივალის იმ მონაწილეებს ჰქონდათ, რომლებიც ეთნიკურად რუსები არიან. ფესტივალში რუსეთი ოფიციალურად არ მონაწილეობდა.
ფესტივალ „ოქროს დელფინის“ ორგანიზატორი აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროა.
ბათუმში, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტრადიციულად საზეიმო მსვლელობით იხსნება, რომელიც საერთაშორისო საბავშვო ფოლკლორული ფესტივალის „ოქროს დელფინის“ ფარგლებში იმართება.
ფესტივალში მონაწილეობს ათი ქვეყანა, მათ შორის არის უკრაინა, ბელარუსი, ლატვია, ლიეტუვა, ინდოეთი, ისრაელი. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები საზეიმო მსვლელობას მართავენ, რომელშიც ეროვნული სამოსითა და საკუთარი ქვეყნის დროშებით მონაწილეობენ.
წელს პირველად ფესტივალში რუსული ფოლკლორული ანსამბლი ჩაერთო, რომელიც ბათუმში როსტოვიდან ჩავიდა. მათ მსვლელობაში მონაწილეობა რუსეთის დროშებით მიიღეს, რასაც ქუჩაში მყოფი მოქალაქეების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა.