უცხოეთი
მაიკ პომპეო - საქართველო თანმიმდევრულად ყალიბდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში

 საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო თანმიმდევრულად ყალიბდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება და რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მისალოც წერილში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მაიკ პომპეო ხაზგასმით აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას.

მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცები ამერიკელი პარტნიორების მხარდამხარ იბრძვიან უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული რეგიონული თუ საერთაშორისო გამოწვევების დაძლევის მიზნით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქართველ ხალხს გულითადად ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ურყევია“.

1tv.ge