საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი.
პატივცემულო თანამოქალაქენო,
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ბათუმში მოხდა სამარცხვინო ფაქტი:
თანამდებობიდან მოხსნილ იქნა აჭარის ავტონომიის განათლების მინისტრი ქ-ნი შამილიშვილი იმის გამო, რომ ფესტივალ „ოქროს დელფინის“ ფარგლებში, რომლის თანადამფინანსებელიცაა ავტონომიის განათლების სამინისტრო, ბათუმის ქუჩებში ჩაიარეს ეთნიკურად რუსმა მონაწილეებმა, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, თავიანთი სამშობლოს - რუსეთის დროშით ხელში. ლიბერალურმა მედიამ გაავრცელა რუსული დროშით მსვლელობის ფაქტი და პირდაპირ შეუტია ხელისუფლებას ამ ფაქტის გამო. ფესტივალის ორგანიზატორმა ანჟელა ქამუშაძემ მყისიერად მოუყვა მასმედიას, რომ მან უკვე „დასაჯა“ რუსი მონაწილეები და ისინი ფესტივალიდან მოხსნა. ამასთან, იგი თავს იმართლებდა, რომ რუსეთი არ მოუწვევიათ ფესტივალზე და ბათუმის ქუჩებში რუსული დროშის გამოჩენა „პროვოკაციაა“.
რუსების გარდა, თავიანთი ტრადიციული სამოსელითა და სახელმწიფო დროშებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საპატივსაცემოდ, ბათუმში ჩაიარეს ბალტიისპირა ქვეყნების, ასევე ისრაელისა და უკრაინის წარმომადგენლებმა.
მიგვაჩნია, რომ ეს არის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის აღმაშფოთებელი ფაქტი. არ შეიძლება რუსული დროშის გამოყენების აპრიორი აკრძალვა ასეთი ტიპის ღონისძიებებში. ამ ლოგიკით, თუკი საქართველოში შედგება რომელიმე საერთაშორისო სპორტული შეჯიბრი და იქ გაიმარჯვებენ რუსეთის წარმომადგენლები, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეაფერხოს გამარჯვებულთა დროშის აღმართვა თუ როგორ უნდა მოვიქცეთ?!
ამიტომ: ევრაზიის ინსტიტუტი, როგორც ქართული სამართლებრივი სივრცის სუბიექტი, მოუწოდებს რუსული წარმოშობის საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ რუსეთის დროშის ნებისმიერ გამოყენებაზე ფაქტობრივი აკრძალვის არსებობა მათ ეთნიკურ და ეროვნულ გამოხატვის თავისუფლებას არღვევს, გავერთიანდეთ და ერთად დავიცვათ საკუთარი უფლებები. ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ახლო მომავალში გააგზავნის დელეგაციას ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ დავამყარებთ კონტაქტებს ადეკვატურ ევროპარლამენტარებთან - საბედნიეროდ, ევროპაში პოლიტიკური სურათი უკეთესობისკენ იცვლება. ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთში ჩივილს - ეს ჩვენი შიდა საქმეა, საქართველოს მოქალაქენო! გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომელსაც გვანიჭებს ჩვენი სახელმწიფო, ასევე გამოვიყენებთ ჩვენი ოპონენტების - ფსევდოევროპელი რუსოფობების საყვარელ მეთოდებს. ძალა ერთობაშია, ჩვენ გავიმარჯვებთ!
პატივისცემით,
გულბაათ რცხილაძე
ევრაზიის ინსტიტუტის დამაარსებელი და ხელმძღვანელი