პოლიტიკა
საკუთარ თავში ოკუპაციის დაძლევა, ანუ კედლის ფსიქოლოგია მოქმედებაში: იწონებს თუ არა ამას ბიძინა ივანიშვილი? - საქინფორმი

 საქართველო, 28 მაისი, საქინფორმი. 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა ბრძნული ფრაზა წარმოთქვა, რომლის აზრი, სამწუხაროდ, მისი თანამემამულეების უმრავლესობისთვის გაუგებარი დარჩა. „ოკუპაცია, პირველ რიგში, ჩვენს თავში უნდა დავძლიოთ!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეორე დღეს, 27 მაისს, პუბლიკაციაში „კედლის ფსიქოლოგია, როგორც საქართველოს პოლიტიკური ჩიხი“, საქინფორმის მთავარი რედაქტორი კონკრეტული მაგალითებით ამტკიცებს - რა სავალალო შედეგებამდე მიიყვანა საქართველო თვითიზოლაციის პოლიტიკამ და სხვადასხვა ფობიამ, რომლებითაც ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მისი პოლიტისტებლიშმენტია შეპყრობილი.

მაგრამ ფსევდოპატრიოტიზმითა და ნაციონალ-შოვინიზმით განზავებული კედლის ფსიქოლოგია მოქმედებას განაგრძობს: იმავე დღეს, 26 მაისს, თანამდებობიდან გაათავისუფლეს აჭარის ავტონომიის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი, იმიტომ რომ ბათუმის ქუჩებში საზეიმო მსვლელობაში, რომლითაც განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული საბავშვო ფოლკლორული ფესტივალი „ოქროს დელფინი“ გაიხსნა, სხვა მონაწილეებთან ერთად რუსმა ბავშვებმაც ჩაიარეს - ეროვნული სამოსით და თავისი სამშობლოს - რუსეთის დროშებით!

   ეს სამარცხვინო ფაქტი უკვალოდ არ ჩაივლის და, საქართველოში რამდენიმე ჩაშლილი კონფერენციის შემდეგ, 2013 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიერ აღდგენილი რუსეთ-საქართველოს ჰუმანიტარული ურთიერთობისთვის ბოლო წერტილი გახდება. გამორიცხული არ არის, რომ ამას სხვა ნაბიჯებიც მოჰყვეს - რუსეთში ქართული ექსპორტის შეკვეცა და საქართველოში რუსი ტურისტების ნაკადის შემცირება - რასაც, სხვათაშორის, ითხოვენ კიდეც მთავრობისგან კედლის ფსიქოლოგიით დაავადებული პარანოიკები - სექტანტები - სააკაშვილის „ნაციონალები“ და სახელმწიფოს საფუძვლების ძირგამომთხრელი პროპაგანდისტული მანქანა „რუსთავი 2“.

     საინტერესოა, როგორ უყურებს მიმდინარე მოვლენებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი?!

     და კიდევ: როგორც კი სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნის მიზანშეუწონლობაზე განაცხადა, ლევან იზორია სასწრაფოდ ვაშინგტონში გამოიძახეს და კაპიტოლიუმიდან სატელევიზიო განცხადება გააკეთებინეს - საქართველოში აშშ-ის ბაზის გახსნით მოხარული ვიქნებიო! განა მსოფლიოში საქართველოს გარდა არსებობს მეორე ასეთი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტი - უმაღლესი მთავარსარდალი - და თავდაცვის მინისტრი სტრატეგიულ საკითხებზე ერთმანეთს უპირისპირდებიან?! და ამის შემდეგ რომელი დამოუკიდებლობა ვიზეიმეთ გასულ კვირა დღეს?!

საქინფორმის რედაქცია