პუბლიკაციები
ჯერ ჩვენ და აფხაზები უნდა შევრიგდეთ

afxazeti_armaziდღევანდელი პუბლიკაციით ვასრულებთ საუბრების ციკლს პროფესორ ნაპოლეონ ქარქაშაძესთან. წინა ინტერვიუ ბატონმა ნაპოლეონმა დაამთავრა თავისი პოზიციის დაფიქსირებით, რომ კონფლიქტის მოწესრიგების გზაზე მხარეთა უშუალო მოლაპარაკება, ამ მოლაპარაკებაში ქართველების მხრიდან იმ ადამიანების ჩართვა, რომლებსაც აქვთ აფხაზებთან თანაცხოვრების, ერთობლივი მოღვაწეობის გამოცდილება და ჯერ კიდევ შერჩენიათ ავტორიტეტი, უპრიანი და ეფექტიანი იქნებოდაო.

ვინ “დაშალა” საბჭოთა კავშირი?

- ბევრი მათგანი, სამწუხაროდ, ცოცხალი აღარ არის, - აგრძელებს ბატონი ნაპოლეონი, - ღმერთმა აცხონოს რეზო სალუქვაძე, ოთარ ზუხბაია, ლერი აბაშიძე. ცოცხლებიდან უმეტესობა საკმაოდ ხანდაზმულია. მაგრამ მაინც არიან ისეთები, ვინც უპრობლემოდ დაელაპარაკება აფხაზებს, ვისაც მოუსმენენ აფხაზები.

 დავასახელებდი ცნობილ ქართველ პოეტს გენო კალანდიას, რომელსაც შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა აფხაზ მწერლებთან; გოგი ქავთარაძეს, ანდა - ზურაბ პაპასკირს, ცნობილ მეცნიერს; დავასახელებ იმდროინდელ სახელმწიფო მოღვაწეებს ე.წ. ნომენკლატურიდან - ვილენ ალავიძეს, ჯემალ ბერიძეს, გენერალ გივი ლომინაძეს, თამაზ ჩოჩიას, მომდევნო, ენერგიით სავსე და მიზანსწრაფი თაობიდან კი ალექსანდრე ჭაჭიას ვთხოვდი, მონაწილეობა მიეღო აფხაზებთან მოლაპარაკებაში.
- საბჭოთა პერიოდში სოჭი და ბიჭვინთა ქვეყნის ელიტის პრესტიჟულ დასასვენებელ კურორტებად ითვლებოდა. თქვენ საშუალება გქონდათ, შეხვედროდით კულტურისა და ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეებს, ე.წ. არაფორმალურ ვითარებაში. იყო კმაყოფილება და თვითდინების უშფოთველობა?
- მოგიყვებით ერთი შეხვედრის ამბავს და დასკვნის გაკეთება თქვენთვის და “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველებისთვის მომინდვია.
1980-იანი წლებია. გულრიფშში ვართ, ნოდარ დუმბაძის აგარაკზე, ცნობილი რუსი პოეტები: ევგენი ევტუშენკო, ვლადიმირ სოლოუხინი, მწერალი ივანოვი, ქართველებიდან - კოტე მახარაძე, პოეტი ზაურ ბოლქვაძე, რეზო სალუქვაძე და მე. სხვებიც იყვნენ.
სუფრა “წელში გატეხილი” არ იყო, როცა ევგენი ევტუშენკომ თამადას - კოტე მახარაძეს სადღეგრძელოს თქმის უფლება სთხოვა და გულწრფელად, აღფრთოვანებით  ილაპარაკა საქართველოზე, იმ მეგობრობაზე, რომელიც მას აქვს  ქართველებთან, აფხაზებთან და რომლის მადლი ჩვენს დღევანდელ შეკრებასაც სცხიაო.
ევტუშენკოს დაუყოვნებლივ და ოპერატიულად გამოეხმაურა სოლოუხინი:
- ჩვენი პრესა და რადიო-ტელევიზია ყოველდღე ლაპარაკობს საბჭოთა ხალხთა დიადი და ურღვევი მეგობრობის შესახებ. არ ვდავობ, შეიძლება, ასეც არის. მაგრამ მე მინდა, ცოტა სხვა კუთხით შევხედო იმ სინამდვილეს, რომელშიც ვცხოვრობთ.
დაწვრილებით ილაპარაკა იმ წარუშლელ შთაბეჭდილებაზე, რაც საქართველოში მოგზაურობით მიიღო, უწინარეს ყოვლისა, ხალხის ცხოვრების მაღალ დონეს გაუსვა ხაზი.
- ამ რეალობის მიუხედავად, - განაგრძო სოლოუხინმა, - ქართველებისგან, და არა მარტო თქვენგან, გვესმის გამუდმებული საყვედურები, რომ ჩვენ, რუსებმა სამშობლო წაგართვით, დავიპყარით თქვენი ქვეყანა, გაგიუქმეთ სახელმწიფოებრიობა, ვიტაცებთ თქვენს ეროვნულ სიმდიდრეს, ვანადგურებთ თქვენს კულტურას, რომ თქვენ ღატაკები ხართ, ჩვენ კი თქვენს ხარჯზე ფუფუნებაში ვცხოვრობთ და ა.შ. გუშინ ივანე თარბამ აფხაზურ ოჯახში წაგვიყვანა, მასპინძლის ეზოში მდინარის ტოტი ჩამოდიოდა, რომელიც სავსე იყო თევზით, საკუთარი ტყეც ჰქონდა, რომელშიც თხების არვე დაუდიოდა, მდელოზე ფუტკრის სკები ედგა. სამწუხაროდ, რუსები არც მას მოსწონდა... საქართველო გამონაკლისი არ არის. იგივე განწყობა შეინიშნება სხვა მოკავშირე რესპუბლიკებშიც.
შემდეგ მან ილაპარაკა შორეულ რუსულ სოფლებში გამეფებულ სიღატაკეზე, შექმნილი დოვლათის უსამართლო განაწილებაზე, რის გამოც, უწინარესად, ზარალდება რუსეთი, ამ დოვლათის შემქმნელი ხალხი და დაასკვნა:
- რუსები ვკარგავთ სამშობლოს, შელახულია ჩვენი პატივი და ღირსება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მომწიფდა აზრი, რომ საჭიროა, ჩვენს თავს ჩვენვე მივხედოთ, ამისთვის კი რუსეთი საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან უნდა გავიდეს. ჩვენ აქეთკენ უკვე მივდივართ.
თქვა ეს სოლოუხინმა და დადუმდა. ვდუმდით დანარჩენებიც.
- დიდ ერში საღი აზრი მალე მწიფდება, - თქვა ნოდარმა, - მაგრამ ჩვენ ამ ბუხართან საქეიფოდ შევიკრიბეთ და არა საბჭოთა კავშირის დასაშლელად, - ჩვეული იუმორით განმუხტა სიტუაცია.
- თქვენ დაგიწყიათ საბჭოთა კავშირის დაშლა, ბატონო ნაპოლეონ, და ეგაა!

 

ძმაო, ძმითა ხარ ძლიერი, თუ - პირიქით?

- 1989 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ კავკასიაში შეიქმნა კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია და ამ ახალი წარმონაქმნის დედაქალაქად სოხუმი გამოცხადდა. თუ არ ვცდები, ამ ფაქტის გამო არც თბილისში, არც სოხუმში ქართველებს შესაბამისი რეაქცია არ გვქონია...
- არ შეგშლიათ, სამწუხაროდ, ასე იყო. კონფედერაციის შექმნა წინ უსწრებდა ქართველი არაფორმალების მიტინგებს. აფხაზებმა ჯერ კიდევ 1988 წლის დასაწყისში ჩამოაყალიბეს უკანონო შეიარაღებული რაზმები. შტაბად სოხუმში შერვაშიძეების ყოფილი სასახლე - მწერალთა კავშირის შენობა აირჩიეს. მე იქვე ვცხოვრობდი და ჩემი თვალით ვხედავდი, როგორ ტრიალებდნენ იქ შეიარაღებული ადამიანები, მათ შორის იყვნენ ჩრდილოკავკასიელებიც, -  ეს მითხრეს ჩემმა სტუდენტებმა. დაუყოვნებლივ ვაცნობე აფხაზეთის უშიშროების უფროსს - ავთანდილ იოსელიანს, რომელმაც ჩრდილოკავკასიელთა იქ ყოფნის შესახებ ჩემგან შეიტყო (!)
- რაო მერე?
- არც არაფერი, რადგან თბილისიდან კატეგორიულად მიგვითითეს, “პროვოკაციას არ აჰყვეთო”.
ჩემთვის დღესაც გაურკვეველია, რა პროვოკაციაზე იყო საუბარი: მაინც და მაინც თავს უნდა დაგვსხმოდნენ, ხმა რომ ამოგვეღო? ამიტომ გადავწყვიტეთ და ჩვენი ინიციატივით შევხვდით აფხაზებს. ქართველების მხრიდან ვიყავით მე, რეზო სალუქვაძე, პროფესორი ლეონიდე ჯახაია, აფხაზების მხრიდან - ზურაბ აჩბა, ქალაქკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე მიქვაბია და კიდევ ერთი, გუდაუთელი აფხაზი. პირველსავე შეხვედრაზე მივანიშნეთ, რომ გვქონდა ინფორმაცია მათი შეიარაღებული დაჯგუფებების შესახებ და რომ ქართველებიც ვიყავით შეიარაღებულები, და თუ ინციდენტი მოხდებოდა, დიდი სისხლი დაიღვრებოდა. შევთანხმდით, რომ მხარეები “თავს შეიკავებენ”.
- კავკასიელ ხალხთა კონფედერაციაზე თუ გქონდათ საუბარი?
- ეს საკითხი მკაცრად დავაყენეთ, ვთქვით, რომ კავკასიელები ქართველებიც ვართ და ჩვენც უნდა შევეყვანეთ ამ გაერთიანებაში. პასუხად მივიღეთ, რომ ჩრდილოკავკასიელებს სურთ გაერთიანება ერთ რესპუბლიკად (!), ხოლო სოხუმი დედაქალაქად აირჩიეს მისი ნეიტრალიტეტის (!) გამო. ამ პოზიციის სრულ ალოგიკურობას თვითონაც მიხვედრილი იყვნენ და ამიტომ დასძინეს, რომ ჩანაფიქრი განუხორციელებელია, რადგან რუსეთს ვერ მოერევიან და არც ჩვენ გვაძლევს ხელს ასეთი რესპუბლიკის შექმნაო... ცრუობდნენ ელემენტარულად, რადგან მაშინვე აშკარა იყო, რომ აფხაზებს ჩრდილოკავკასიელების გამოყენება ჩვენ წინააღმდეგ სურდათ. მოგვიანებით ასეც მოხდა.
- უთხარით, რომ მიხვდით მათ ჩანაფიქრს?
- მივახვედრეთ, რომ ქართველები არც ისე გულუბრყვილოები და იოლად გასაცურებლები ვართ, თუმცა კამათი არ გაგვიგრძელებია, იმიტომ, რომ ცხადი იყო  - ერთმანეთს ვერ გადავარწმუნებდით.
- ვერ დაძლია ეს წინაღობა იმ მეგობრულმა ურთიერთობამ, რომელიც ქართველ და აფხაზ კულტურის მოღვაწეებს ჰქონდათ?
- ეს თემა განსაკუთრებული ანალიზის საგანია, ვლაპარაკობ მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან აცილების შესაძლებლობაზე. მაგრამ მეგობრობა მართლაც სანიმუშო და გულითადი გვქონდა.
ნოდარ დუმბაძის მეზობლად ცხოვრობდა ცნობილი აფხაზი პოეტი, კარგი მოქართულე ივანე თარბა, რომლის სახლის კარი ყოველთვის ღია იყო ქართველი თანამოკალმეებისთვის. დიდი მეგობრობა ჰქონდათ აფხაზური ლიტერატურის პატრიარქს - გიორგი გულიასა და შესანიშნავ ქართველ პოეტს - გიორგი ლეონიძეს, ბაგრატ შინკუბას და რევაზ მარგიანს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აღარაფერს ვიტყვი იმის შესახებ, თუ როგორ გადაიპატიჟებდნენ ჩემი აფხაზი მეზობლები ჩემთან ჩამოსულ გურამ ფანჯიკიძეს, ზაურ ბოლქვაძეს, ხუტა ბერულავას...
ამ მოგონებებს რომ გავყვეთ, შორს წაგვიყვანს. მაგრამ ერთ ფაქტს მაინც გავიხსენებ. სამუშაო დღე მთავრდება და ერთად ვსხედვართ - გულრიფშის რაიკომის მდივანი ნაჭყებია, გალის რაიკომის მდივანი შარანგია და მე.  რომელიღაც ჩვენგანმა თქვა, ნახევარ საათში მოსკოვის რეისი მიფრინავს და ხომ არ მოვინახულოთო ჩვენი მეგობარი, გუდაუთის რაიკომის მდივანი კონსტანტინე ოზგანი, რომელიც საავადმყოფოში იწვა და მკურნალობდა.
თითქმის შუაღამე იყო, როცა ჩავფრინდით მოსკოვში, ვინახულეთ ოზგანი, მოვიკითხეთ, კინაღამ ცრემლები გადმოუგორდა - თქვენ გარდა არავის გავხსენებივარო. დილამდე ვისაუბრეთ.
ასეთი ურთიერთობები იყო. მაგრამ ყველაფერი მთავრდებოდა, როგორც კი გამწვავდებოდა სიტუაცია.

დანაწევრებული და დაპირისპირებული ქართველობა

- მწვავე სიტუაციიდან გამოსვლის არავითარი გზა არ ჩანდა?
- იყო მომენტები, რომელთა გამოყენება ეფექტიანად, ორივე მხარისთვის სასარგებლოდ შეიძლებოდა. იყო მცდელობაც, მაგრამ... 
როცა აფხაზეთში ძალიან დაიძაბა სიტუაცია, საქართველოს პარლამენტის მაშინდელმა სპიკერმა ვახტანგ გოგუაძემ სოხუმში ჩასვლა და იქაურ ამბებში გარკვევა მთხოვა. წავედით მე და გენერალი ლერი აბაშიძე. ამ დროს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები უკვე ორად არიან გაყოფილი - ქართულ და აფხაზურ დაპირისპირებულ მხარეებად. შევხვდით ქართველ დეპუტატებს თამაზ ნადარეიშვილის მეთაურობით. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ შეტაკება გარდაუვალი იყო. ვცდილობდი გადამერწმუნებინა. შუა კამათიდან გამომიხმეს და მითხრეს, რომ ალექსანდრე ანქვაბს სურდა ჩემთან შეხვედრა, და, მიუხედავად ქართული დეპუტაციის წინააღმდეგობისა, - რა გესაქმება ანქვაბთანო, შევხვდი. ვისაუბრეთ პირისპირ. ბოლოს მითხრა, რომ კარგი იქნება, თუ თქვენს მოსაზრებებს არძინბას გააცნობთო.
შევედით მის კაბინეტში და არძინბა მეუბნება:
- ჩვენთან არის ერთმანეთს დაპირისპირებული ათამდე ქართული პოლიტიკური ჯგუფი. მითხარით, ვისთან შემიძლია ვისაუბრო პრობლემურ საკითხებზე. ნუ მაიძულებთ, დავჯდე თვითმარქვიებთან (მიმანიშნა ვინმე ახალაიაზე, რომელიც მილიციის პოლკოვნიკობას იბრალებდა), ნარკომანთან. არ დავჯდები სასაუბროდ არც ბორის კაკუბავასთან (დაასახელა კიდევ რამდენიმე კაცი).
თბილისმა მითხრას, რომელია თქვენი ნდობით აღჭურვილი პოლიტიკური გაერთიანება და მისი ლიდერი, რათა , მასთან შევეცადოთ მოვაგვაროთ საკითხები, რადგან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ქართველი დეპუტატები განგვიდგნენ, მათთან დიალოგი შეუძლებელია, რადგან ერთი ნაწილი ერთი ჯგუფის მიერ იმართება, მეორე - მეორის მიერ და ერთიანი აზრი არ არსებობსო.
აფხაზები მაშინ მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს, სანაცვლოდ იძლეოდნენ იუსტიციის მინისტრის პოსტს, სხვა პრაქტიკული წინადადებებიც ჰქონდათ, გამოყოფაზე ლაპარაკიც არ იყო.
- მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ქართველი გვეყოლება, - მითხრა არძინბამ.
- ქართველები მოითხოვენ, რომ კანდიდატურა მათ შეარჩიონ და არა თქვენ.
- იცით, ვის მთავაზობენ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ? - მეკითხება არძინბა და მისახელებს ისეთი კაცის გვარს, რომელსაც ვიცნობდი, როგორც საეჭვო რეპუტაციის, არცთუ სუფთა ადამიანს.
- არ იტყვით იმის გვარს?
- არა, არ ვიტყვი.
- ახლა ცოცხალია?
- მგონი, ცოცხალია და მოსკოვშია... არძინბას ვუთხარი, რომ ჩავიდოდი თბილისში და ხელმძღვანელობას მოვახსენებდი ჩვენი საუბრის შინაარსს.
თბილისში ჩამოსვლისთანავე დავწერე მოხსენებითი ბარათი, სადაც იმდროინდელი (და არა დღეის გადასახედიდან) ვითარებიდან გამომდინარე ჩემი შეხედულებები ჩამოვაყალიბე. დეტალურად ამ ყველაფრის შესახებ ჩემს წიგნში ვწერ, რომელზეც მუშაობას უკვე ვამთავრებ.
- თქვენს მოხსენებით ბარათს როგორი რეაქცია მოჰყვა?
- არავის არსად არ დავუძახივარ, თუმცა ვეცადე.
- ბატონო ნაპოლეონ, გულახდილად მითხარით, გჯერათ, რომ ჩვენ და აფხაზები ოდესმე ერთი სახელმწიფოს საზღვრებში ვიცხოვრებთ?
- პოლიტიკური ლოგიკა აქეთკენ მიდის. თუმცა ვშიშობ, რომ ვერც ჩვენი თაობა, ალბათ, ვერც ჩვენი მომდევნო თაობა ამას ვერ მოესწრება. ძალიან ღრმა და მტკივნეულია ის იარა, რომელიც ორივე ერს აქვს. თუმცა შეიძლება მოვლენების დაჩქარება, თუ ამისი პოლიტიკური ნება ექნება ზესახელმწიფოებს. მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა შევრიგდეთ - ქართველები და აფხაზები.

ესაუბრა
არმაზ სანებლიძე

www.geworld.net