საზოგადოება
„ქრისტიან-დემოკრატები“ ხელისუფლებას მოსახლეობის დაცინვაში ადანაშაულებენ

jaba_samushia„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ჯაბა სამუშია ხელისუფლებას მოსახლეობის დაცინვაში ადანაშაულებს. საკრებულოს წევრი სოციალურად დაუცველი ოჯახის წარმომადგენელთან ერთად დღეს ერთ-ერთ სუპერმარკეტს ესტუმრა და საკვები პროდუქტი შეიძინა. სამუშიამ ჟურნალისტებს ქვითარი წარუდგინა და აღნიშნა, რომ ერთი კვირისთვის საჭირო პროდუქტის შესაძენად 80 ლარის გადახდა დასჭირდა. მისი თქმით, გამოდის, რომ ადამიანს თვეში 300 ლარზე მეტი მხოლოდ პროდუქტის შესაძენად სჭირდება.

როგორც სამუშიამ განაცხადა, ეს თანხა ჰიგიენის ნივთების, წამლებისა და გადასახადებისთვის საჭირო ხარჯებს არ მოიცავს.

„როდესაც ადამიანს თვეში 300 ლარი მარტო საკვებისთვის სჭირდება და 30-ლარიან ვაუჩერსა და 100-ლარიან პენსიაზე ვესაუბრებით, ეს არის მოსახლეობის დაცინვა. საარსებო მინიმუმია ის, რა თანხაც ჯდება ადამიანის ერთი თვის ცხოვრება. ჩვენი დაანგარიშებით, დღეს საარსებო მინიმუმი 300 ლარზე მეტია საქართველოში“, – განაცხადა სამუშიამ. მისივე თქმით, ოფიციალური სტატისტიკით, საარსებო მინიმუმი ერთ სულ მოსახლეზე 135 ლარია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

სამუშია ხელისუფლებას სტატისტიკის გაყალბებაშიც ადანაშაულებს. საკრებულოს წევრი მთავრობის წარმომადგენლებს მოუწოდებს, კაბინეტებიდან გამოვიდნენ, მაღაზიებში შევიდნენ და თავად გაეცნონ ხალხის მდგომარეობას.