აქტუალური
ლარი გაუფასურების რეკორდს ხსნის, რამაც ფასების ტოტალური ზრდა გამოიწვია

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს - ბოლო თვეში ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2,8%-ით დაეცა, ხოლო წლის განმავლობაში - 13,6%-ით.

ლარის კურსი ბოლო 2,5 წლის განმავლობაში მინიმალურ მაჩვენებლამდე დაეცა. 2016 წლის დეკემბრის ბოლოს ქართული ეროვნული ვალუტის კურსმა პირველად გადააბიჯა 2,78 ნიშნულს, მერე კი თანდათან დაიწყო გამყარება და სტაბილიზაცია.

მიმდინარე წლის 22 მაისისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2,7676 GEL/$1-ზე დაადგინა.

ლარის ნებისმიერი რყევა, როდესაც პლუს ამას ბენზინსა და ნავთობროდუქტებზე ფასების ცვლა ემატება, ნეგატიურად აისახება ბაზარზე. ყველაფერი ეს საბოლოოდ ძალიან მტკივნეულად აისახება სადისტრიბუციო კომპანიებზე. ისინი იძულებულები ხდებიან, მოუმატონ ფასებს“, - ამბობს საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.

მისი თქმით, როცა ლარი 2,7-ს სცდება - ეს უკვე კრიტიკული ზღვარია.

ფასები მაშინვე არ იზრდება, ეს ნელ-ნელა ხდება. ალბათ, მომავალში არაფერს კარგს არ უნდა ველოდოთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკურმა გუნდმა ძალიან აქტიურად იმუშაოს ეროვნულ ბანკთან ერთად საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რომლებიც შესაძლოა შეუქცევადი აღმოჩნდეს“, - განაცხადა ჭყონიამ TV პირველის ეთერში.