აქტუალური
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ განაგრძობს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების მხარდაჭერას.

აშშ მხარს უჭერს საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ანტიკორუფციულ ძალისხმევას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

ამავე დროს, დოკუმენტში ხაზგასმულია აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

საქართველოს მხარდამჭერ აქტში დაფიქსირებულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაც.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას, თავისუფლად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და გააკეთოს დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი საგარეო და უსაფრთხების პოლიტიკაზე, მათ შორის განსაზღვრონ მათი ქვეყნის ურთიერთობა სხვა ერებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ პროცესში სხვა ქვეყნების მხრიდან ყოველგვარი ჩარევისა და დაშინების გარეშე. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის კურსს“, – წერია დოკუმენტში.

დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ აშშ არ აღიარებს ძალით განხორციელებულ ტერიტორიულ ცვლილებებს, მათ შორის საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალში შეჭრასა და მათ ოკუპაციას რუსეთის ფედერაციის მიერ.

აშშ გმობს მიმდინარე დაკავებებს, გატაცებებსა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომლებიც ძალისმიერადაა ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის ბოლო დროს მომხდარ მკვლელობებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებას და რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

დოკუმენტში ყურადღება ეთმობა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. აქტის პროექტში ნათქვამია, რომ აშშ-მა 2018 წელს საქართველოს 2,2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის მხარდაჭერა აღმოუჩინა. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოს ფინანსური დახმარება უნდა გაიზარდოს.

კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ საქართველომ შეიტანა წვლილი ევროატლანტიკურ მშვიდობასა და უსაფრთხოებაში ავღანეთში ნატოს მისიებში მონაწილეობით და ის წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრიბუტორს ავღანეთში განთავსებული სამხედროების რაოდენობის გათვალისწინებით.

საქართველოს მხარდამჭერი აქტის საბოლოო დამტკიცებიდან 180 დღის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან კონსულტაციების საფუძველზე, წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უნდა წარუდგინოს ანგარიში, სადაც მიმოხილული იქნება უსაფრთხოების სფეროში საქართველოსადმი აშშ-ის დახმარება.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა დააწესოს სანქციები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებული და პასუხისმგებელი პირების მიმართ.

ამას გარდა, კონგრესმენები საჭიროდ მიიჩნევენ, აშშ დაეხმაროს საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში. დოკუმენტში ლაპარაკია ასევე რუსული დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობაზე.

საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შელახვისკენ მიმართული რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება და პრესის თავისუფლების მხარდაჭერა უნდა იყოს აშშ-ის პოლიტიკა“, – აღნიშნულია აქტში.

დოკუმენტის ავტორები ასევე საჭირო მიიჩნევენ, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნეს მიღწეული.

აქტი ინიციირებულია საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეების ჯერი კონოლისა და ადამ კინზინგერის მიერ.