სამართალი
აფხაზური მხარე მერაბ ყოლბაიას გადაცემას კიდევ ერთხელ მოითხოვს

kochoiaაფხაზური მხარე საქართველოსგან მერაბ ყოლბაიას („კოჭოს“) დაუყოვნებლივ გადაცემას კიდევ ერთხელ მოითხოვს და „აფხაზეთის ტერიტორიიდან აფხაზეთის მოქალაქის გატაცებას“ „ტერორისტული აქტის“ კვალიფიკაციას ანიჭებს. როგორც ჟენევის დისკუსიებზე აფხაზური დელეგაციის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ჩირიკბა აცხადებს, „ყოლბაიას გატაცება აფხაზეთის ტერიტორიიდან ქართულმა სპეცსამსახურებმა არაერთხელ სცადეს და ბოლოს მიზანს მიაღწიეს. აფხაზური მხარე აფხაზეთის მოქალაქის, ბატონ მერაბ ყოლბაიას გატაცებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაციას აძლევს. გატაცება მოხდა საქართველოს შსს-ს შეიარაღებული თანამშრომლების მიერ. იგი სიტუაციის დესტაბილიზაციისა და გალის რაიონის მცხოვრებთა დაშინებასა და პანიკის დათესვისკენაა მიმართული“, – აცხადებს ჩირიკბა. ამასთან, მისივე თქმით, „ქართულმა მხარემ გალის 31 იანვრის შეხვედრაზე აფხაზურ მხარეს ყოლბაიას, როგორც „საქართველოს ტერიტორიაზე დივერსიული აქტების ჩადენაში ეჭვმიტანილის“, გადაცემის თხოვნით მიმართა, თუმცა აფხაზეთის ხელისუფლების მიმართ არანაირი წერილობითი თხოვნა არ წარმოუდგენია“.

„აფხაზეთი საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას არ გადასცემს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ აფხაზეთსა და საქართველოს შორის დამნაშავეების გადაცემის შესახებ ორმხრივი შეთანხმება იქნება გაფორმებული. ჯერჯერობით კი მსგავსი რამ არ არსებობს“, – დასძინა ჩირიკბამ.

აფხაზური მხარე ევროკავშირს, გაეროს, ეუთოსა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიმართავს, „აფხაზეთის ტერიტორიიდან ქართული სპეცსამსახურების მიერ აფხაზეთის მოქალაქის გატაცების ფაქტს ადეკვატური პოლიტიკური შეფასება მისცენ და ამ სერიოზულ ინციდენტთან დაკავშირებით დეტალური გამოძიება ჩაატარონ“.