საზოგადოება
„ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებზე მოსახლეობისგან კიდევ ერთხელ მიიღო დიდი ნდობა და ახლა გამოწვევას ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ - ირაკლი ღარიბაშვილი

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. „ქართულმა ოცნებამ“ ამ არჩევნებზე მოსახლეობისგან კიდევ ერთხელ მიიღო დიდი ნდობა, – ამის შესახებ პარტია ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

ხალხმა კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ნდობა და ამისთვის მინდა, მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო გულწრფელი მადლობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, კარგ შედეგთან ერთად გამოიკვეთა გარკვეული მომენტები, რომელთა გაძლიერებაც „ქართულ ოცნებას“ მომავალში მოუწევს.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ზოგადად, შუალედური არჩევნები ნაკლები აქტიურობით გამოირჩევა, მოქალაქეები არ არიან მოტივირებული და შუალედური საპარლამენტო არჩევნები მათთვის პრინციპული არჩევანი არ არის.

ჩემი ანალიზით და შეფასებით, მთაწმინდის მოსახლეობისთვის, პრინციპში, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ერთი წელი ვინ იქნებოდა მათი დეპუტატი. მე ასე ვთვლი ამას. ვფიქრობ, რეალურად ეს იყო იმის განმაპირობებელი, რომ დაბალი აქტივობა მივიღეთ. მოსახლეობა არ იყო მოტივირებული, რომ პრინციპული არჩევანი გაეკეთებინათ. მათ პრინციპული არჩევანი გააკეთეს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ჩვენ ვნახეთ, რა შედეგიც მივიღეთ. მათ შორის, მთაწმინდაზე და ყველგან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პირველი არხის ანალიტიკოს ბაქარ ბერეკაშვილის შეკითხვაზე, როგორ უნდა დაიძლიოს საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმი და აქვს თუ არა მმართველ გუნდს კონტრსტრატეგია მის დასაძლევად, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებაში ობიექტურად არსებული ნიჰილიზმი, ბუნებრივია, მმართველი გუნდის ბრალიცაა და ნიჰილისტურ განწყობებს ხელისუფლების მოქმედება, აქტიური მუშაობა უნდა დაუპირისპირდეს.

ბოლო სამ წელიწადში იყო მიზეზები, რის გამოც თუნდაც პარტიის თავმჯდომარე დაბრუნდა პარტიაში. ამით ყველაფერია ნათქვამი. ობიექტურად, იყო მართვის პრობლემები და სხვა შეცდომები, რომლებიც ჩვენ მიერ იქნა დაშვებული. ამ ყველაფერმა მოსახლეობის დიდ ნაწილში, მათ შორის ჩვენს გულწრფელ და ერთგულ ამომრჩეველში ობიექტურად გამოიწვია განაწყენება და საზოგადოებაში ნიჰილისტური განწყობები გამძაფრდა. ამ არჩევნებით მივიღეთ ის, რომ ვართ ერთადერთი უალტერნატივო ძალა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავს. ახლა ჩვენს ხელთ არსებული რესურსები უნდა გამოვიყენოთ და ამ გამოწვევას ადეკვატური პასუხი უნდა გავცეთ; მოსახლეობას, უბრალოდ, იმედები უნდა გავუმართლოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ისმის სპეკულაციები, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერს გაუკეთა ორგანიზება და თითოეული ამომრჩეველი გამოიყვანა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მთაწმინდის ოლქში „ქართულ ოცნებას“ თავისი ძალების მობილიზება რომ მოეხდინა, შედეგი, სულ მცირე, ორჯერ მეტი იქნებოდა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ევროპული საქართველოს რეიტინგი 5-6%-ია და ხმები, რომლებიც მთაწმინდის ოლქში ოპოზიციის კანდიდატმა მიიღო, ზოგადად ოპოზიციისა და ძირითადად ნაციონალური მოძრაობის ხმები იყო.

1TV.ge