საზოგადოება
კარგად თუ დავფიქრდებით, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტის გზა რეგიონზე გადის - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. კარგად თუ დავფიქრდებით, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტის გზა გადის რეგიონზე. ეს ვიცით თეორიულად, მაგრამ პრაქტიკაში არაა გადატანილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წყალტუბოში, ფორუმზე სახელწოდებით რეგიონული ეკონომიკაძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ქვეყნის მომავლისთვის რეგიონის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მნიშვნელოვანი კონფერენცია ტარდება წყალტუბოში, იმ ადგილზე, სადაც ჩანს, რამდენად დიდი პოტენციალი არსებობს და რამდენია გამოყენებელი. ჩვენ ვდგავართ ოქროზე და ჯერ არ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ. რეგიონებზე დევს ქვეყნის მომავალი. კარგად თუ დავფიქრდებით, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტის გზა გადის რეგიონზე, ეს ვიცით თეორიულად, მაგრამ პრაქტიკაში არაა გადატანილი. მნიშვნელოვანია, ჩამოვაყალიბოთ გეგმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, რეგიონის განვითარებაზეა დამოკიდებული ემიგრაციის პრობლემის შეჩერებაც.

ქვეყნის მიმზიდველობაც დევს რეგიონებზე. დედაქალაქი არის გამორჩეული და მიმზიდველი, მაგრამ ბევრად მეტი გვაქვს რეგიონებში. მაგალითად, პრომეთეს მღვიმე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი. რაც ჩამოვედი ქვეყანაში, მას მერე მეტი სანახავი და განვითარებული ადგილია, ვიდრე იყო 15 წლის წინ. უნდა ვიცოდეთ, რა მიმართულებით განვავითაროთ. ამას სჭირდება ბრენდინგი. ისევე, როგორც ღვინო გავხადეთ პოპულარული, უნდა გავხადოთ პოპულარული სხვადასხვა მიმართულებაც. უნდა ვიცოდეთ, რომელი მიმართულებაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ამისთვის, ცხადია, მნიშვნელოვანია თვითმმართველობა, მხოლოდ ცენტრიდან მიმართულებამ რა მოუტანა ქვეყანას, ვიცით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წყალტუბოში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებულ შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სახელმწიფო რწმუნებულები ესწრებიან.

ფორუმი დისკუსიასაც მოიცავს, რომელიც რეგიონებში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათ პოტენციალს და ამ პოტენციალის საერთო ეკონომიკურ სისტემაში ჩართვის გზებს შეეხება.

ორგანიზატორების თქმით, ფორუმის ჩატარების ადგილად წყალტუბო მისი განსაკუთრებული პოტენციალის გამო შეირჩა.