საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებს სოხუმამდე მისასვლელი რამდენიმე გზა აქვთ გადაკეტილი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანებსა და იმ ავტომობილებს ატარებენ, რომელთაც ბავშვი ჰყავთ მგზავრად.
ოპოზიციამ უვადო საპროტესტო აქციის დაწყება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც დე ფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შემოდგომისთვის გადადებაზე უარი განაცხადა. დემონსტრანტები ე.წ. არჩევნების გადადებას ოპოზიციონერი კანდიდატის ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ითხოვენ. ოპოზიციონერები მიიჩნევენ, რომ ბჟანია, სავარაუდოდ, მოწამლეს.
„დღეიდან ქვეყანაში ცხადდება სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია და საგანგებო მდგომარეობა. ამასთან დაკავშირებით 21 მაისს სოხუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლები გაფიცვას აცხადებენ და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციას უერთდებიან“, – განაცხადა პარტია „ამცახარას“ წარმომადგენელმა მიზან ზუხბამ.
აფხაზეთის ე.წ. გენერალური პროკურატურა მოსახლეობას ე.წ. კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების დამხობისკენ და უკანონო აქციების ჩატარებისკენ ნებისმიერი მოწოდების შემთხვევაში პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება.
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 21 ივლისს არის დაგეგმილი.