სამართალი
საქართველოს უნდა ჰქონდეს ძალა, არ იყოს დამოკიდებული უცხოურ ვალუტებზე - სსფ-ის მმართველი დირექტორი

 საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. საქართველოს უნდა ჰქონდეს ძალა, არ იყოს დამოკიდებული უცხოურ ვალუტებზე, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველმა დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძესთან ერთად უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა.

კრისტინ ლაგარდის თქმით, საქართველოს ეკონომიკა ჯერ კიდევ მოწყვლადია საგარეო შოკების მიმართ, განსაკუთრებით სავაჭრო დავებისა და ფინანსური ბაზრების არასტაბილურობის ფონზე.

რა შეიძლება გავაკეთოთამ საკითხზე ეკონომისტებს ფართო პასუხი და მრავალმხრივი მიდგომა აქვთ, დაწყებული სავალუტო კურსის მოქნილობის შენარჩუნებით. აუცილებელია, რადგან ეს არის ერთგვარი უსაფრთხოების ბალიში იმ შემთხვევისთვის, თუ სიტუაცია გართულდება, ეს საქართველოს უპირატესობას მისცემს, ასევე ეკონომიკისთვის, რომელიც საგარეო მოთხოვნაზეა დამოკიდებული, ძალზე მნიშვნელოვანია. მეორე საკითხი არის სავალუტო რეზერვების გაზრდა. ეს არის აუცილებელი სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ასევე აუცილებელია პროგნოზირებადი საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის იმპლემენტაცია. ვიცი, რომ კაპიტალის ბაზარი განვითარებადია, მაგრამ როგორც ერთ ანდაზაშია ნათქვამი, ნელა, მაგრამ წინ მივიწევთ. ამის გაკეთება შესაძლებელია რეგიონულ დონზე და უფრო მეტად კოორდინირებულად და არა მხოლოდ ეროვნულ ბაზარზე.

გვჯერა, რომ არსებობს დოლარში გაცემული სესხებისა და დეპოზიტების შემცირების შესაძლებლობა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დოლარიზაციამ ბევრი კომპანია და ოჯახი დამოკიდებული გახადა ვალუტის გაცვლით კურსზე, რასა მათი ფინანსური სიჯანსაღისთვის ძირის გამოთხრა შეუძლია. საქართველომ დიდი გზა გამოიარა. საქართველოს უნდა ჰქონდეს ძალა, არ იყოს დამოკიდებული უცხოურ ვალუტებზე. ამ კუთხით საქართველომ უკვე მიაღწია პროგრესს. ბანკების ბალანსი გამყარდა და გაიზარდა ფინანსური წიგნიერება. ახლა დადგა დრო, შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ. მათ შორის კაპიტალის ბაზრის განვითარება და ინსტიტუციური ინვესტორების მოზიდვაა, რომელთაც შეუძლიათ, ხელი შეუწყონ გრძელვადიან მოთხოვნას, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ ობლიგაციებს და სხვა ფინანსურ აქტივებს. ვფიქრობ, ყველაფერი ეს მეზობლებთან კოორდინირებულად უნდა მოხდეს“, – განაცხადა კრისტინ ლაგარდმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მმართველი დირექტორი კრისტინ ლაგარდი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ის არაოფიციალურ გარემოში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს, ასევე მათ მოადგილეებს შეხვდა და შეხვედრის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა.

კრისტინ ლაგარდი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მე-11 მმართველი დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. იგი ამ თანამდებობაზე პირველი ქალი ხელმძღვანელია, რომელიც 2016 წელს მეორე ვადით აირჩიეს.