სამართალი
სტუდია „მონიტორის“ მეორე საჩივარი „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ წინააღმდეგ

monitorსტუდია „მონიტორმა“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) არსებული ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის დახმარებით, ტელეკომპანიების – „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“, წინააღმდეგ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მეორე საჩივარი წარადგინა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან აცნობეს, სტუდია „მონიტორი“ 2009-2010 წლების განმავლობაში ახორციელებდა მონიტორინგს „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით რეკლამის, სპონსორობისა და ტელეშოპინგისათვის დადგენილი წესების დაცვაზე.

2011 წლის 7 მარტს სტუდია „მონიტორმა“ განმეორებით მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. „მონიტორმა“ კვლავ განაგრძო მონიტორინგის განხორციელება და გამოავლინა ლიცენზიის მფლობელების მხრიდან რეკლამირებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის ფაქტები. შესაბამისად, აღნიშნული დარღვევის სანქცირებისათვის მეორეჯერ მიმართა კომისიას. ამჯერად დარღვევის საფუძველი გახდა:

1. ლიცენზიის მფლობელთა მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევა (ახალი ამბების, რომელთა ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია, რეკლამით შეწყვეტა);

2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევა (ახალი ამბების რეკლამის შეწყვეტა დასაშვებია არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 120 წამით);

3. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნის დარღვევა, ანუ საბავშვო გადაცემების გაშვებისას რეკლამის წესების უგულებელყოფა.

საჩივრის ავტორი დარღვევის განმეორებით ჩადენისათვის ამჯერად ითხოვს, ტელეკომპანიებს სანქციის სახით დაეკისროთ ჯარიმის გადახდა, რაც „კანონით შეადგენს ტელეკომპანიის წლიური შემოსავლის 0,5%-ს, თუმცა დაკისრებული ჯარიმა არ შეიძლება იყოს 2500 ლარზე ნაკლები“, – ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ აღნიშნული საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება ერთი თვის ვადაში უნდა განხორციელდეს.