საზოგადოება
საქართველოში მცხოვრები სომხები და აზერბაიჯანელები რუსეთს საფრთხედ არ მიიჩნევენ (NDI)

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქვეყნისთვის მთავარ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს. როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხულთა 31 პროცენტი მთავარ საფრთხედ რუსეთის სამხედრო აგრესიას, 11 პროცენტი – ოკუპაციას, ხოლო 10 პროცენტი რუსულ პროპაგანდას ასახელებს.

როგორც NDI-ში აცხადებენ, მონაცემები სომხურ და აზერბაიჯანულ დასახლებებში განსხვავდება.

იქ მხოლოდ 3 და 8 პროცენტი (შესაბამისად) მიიჩნევს რუსეთის სამხედრო აგრესიას საფრთხედ. საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთს საქართველოს ეკონომიკაზე (43 პროცენტი), პოლიტიკაზე (45 პროცენტი) და ეროვნულ უსაფრთხოებაზე (47 პროცენტი) ნეგატიური გავლენა აქვს“, - აღნიშნულია კვლევაში.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC-საქართველო 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილს წარადგენს.

აღნიშნული კვლევა 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი+/- 2-3 პროცენტი.