პოლიტიკა
ხიდირბეგიშვილი - სომხეთში რევოლუციის მეორე ეტაპის შესახებ (SPUTNIK)

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. ქართველმა პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა განაცხადა, რომ ახლა სომხეთში ქართული „ვარდების რევოლუციის“ სცენარი მეორდება.

     „ვითარება სომხეთში ზუსტად იმეორებს საქართველოს მოვლენებს. სააკაშვილმა, 2003 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სასამართლო სისტემა ხელისუფლების რეპრესიულ ბერკეტად გადააქცია, რეჟიმის დროს გამამართლებელი განაჩენების პროცენტი 0,01% იყო.

     2012 წელს მოსულმა ივანიშვილის ხელისუფლებამ სასამართლო სისტემის კონტროლი შეწყვიტა და პირდაპირ, გარდამავალი პერიოდის გარეშე გამოაცხადა მისი დემოკრატიული რეფორმირების შესახებ. მაგრამ ამ დროს ორი შეცდომა დაუშვა:

1 - ხელშეუხებელი დატოვა ძველი, დისკრედიტებული მოსამართლეთა კორპუსი;

2 - ქვეყანაში სამართლიანობა არ აღადგინა და კოჰაბიტაციის პოლიტიკა გამოაცხადა - მშვიდობიანი თანაცხოვრება და შემწყნარებლობა სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ. ამით საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ სახელმწიფოს მართვის ქმედითი ბერკეტი დაკარგა - სამართალდამცველმა ორგანოებმა დღეს რამდენი დამნაშავეც უნდა დაიჭირონ და მტკიცებულებითი ბაზა შეაგროვონ, სასამართლო სისტემას პროცესი ბოლომდე არ მიჰყავს და გამამართლებელი განაჩენების გამოტანით ყველაფერს ქარს ატანს.

     ან დასავლეთის რეკომენდაციების შესრულება და წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა პატიება, ანდა ეროვნული ინტერესების და საკუთარი ხალხის მოთხოვნების შესაბამისად მოქმედება - მესამე ვარიანტი არ არსებობს. ამ დილემის წინაშე დადგა დღეს სომხეთის პრეზიდენტი ფაშინიანიც, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ქოჩარიანი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

     ეს დილემა 9 წლის დაგვიანებით საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამაც გააცნობიერა, როდესაც გასულ თვეში, მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონის მიღებისას, პირველად წავიდა დასავლეთელი მენტორების წინააღმდეგ და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, რაც სკანდალით დამთავრდა“, - განაცხადა, კერძოდ, არნო ხიდირბეგიშვილმა რადიო SPUTNIK-ის თხოვნით გაკეთებულ კომენტარში (დაწვრილებით წაიკითხეთ და მოისმინეთ აქ).