პოლიტიკა
სააკაშვილი და ობამასთან დაპირისპირებული მილიარდერი ტრამპი ერთმანეთს ლობირებენ

trampiDროგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის ამერიკელ მილიარდერ დონალდ ტრამპს შეხვდა და მილიარდერის მიერ საქართველოში განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდა. ქართული ნაციონალური ტელეარხების მიერ გახმიანებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ტრამპი და სააკაშვილი მთელი პრესკონფერენციის განმავლობაში ერთმანეთის ლობირებით იყვნენ დაკავებული.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა მილიარდერი შეადარა საქართველოს და აღნიშნა, რომ მის ქვეყანასა და ტრამპს შორის ბევრი მსგავსებაა. სააკაშვილმა მას გამორჩეული პიროვნება უწოდა და სიამაყით აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელსაც დონალდ ტრამპი ეწვევა და ინვესტიციასაც განახორციელებს.

„დონალდ ტრამპზე ხშირად ამბობდნენ, რომ უკვე გავიდა თამაშიდან, მაგრამ ის ახალი ენერგიით ბრუნდებოდა. ასეა ჩემი ქვეყანაც: რამდენჯერაც თქვეს, რომ საქართველო დასრულდა, ჩვენ ახალი ენერგიით ვბრუნდებოდით. ჩვენ შორის, ზოგადად, ბევრი მსგავსებაა და ამიტომაც ვიპოვეთ ერთმანეთი. მთავარია, გყავდეს ადამიანი, რომლისგანაც ისწავლი, და ჩვენთვის ასეთი პიროვნება დონალდ ტრამპია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, მან ჟურნალისტის შეკითხვაზე – „რას ფიქრობს იგი დონალდ ტრამპის შესაძლო გაპრეზიდენტებაზე“, ხუმრობით უპასუხა: „მას რომ საქართველოს პრეზიდენტობაზე ეყარა კენჭი, აუცილებლად გაიმარჯვებდა“.

ამერიკელმა მილიარდერმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო კენჭისყრის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამაზე სერიოზულად ფიქრობს მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო – დოლარი უფასურდება, ფასები კი იზრდება.

„პატარა საქართველოს მაგალითი დემონსტრირებაა იმისა, თუ რისი გაკეთება შეუძლია პროფესიონალ ხელმძღვანელს, როგორიც ჩვენ აშშ-ში, სამწუხაროდ, არ გვყავს“, – განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ „მისი გარიგება საქართველოსთან წინასაარჩევნო კამპანიის დროს საერთაშორისო გამოცდილებად ჩაეთვლება“.

გარდა ამისა, ტრამპმა მიხეილ სააკაშვილს მსოფლიო კერპი უწოდა და ქვეყნის წინაშე მისი უდიდესი წვლილის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილის გონებრივი შესაძლებლობების გამოყენება აშშ-საც შეუძლია და ის უნდა ამაყობდეს, რომ ასეთი პარტნიორი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ მთელი ღონისძიების განმავლობაში სააკაშვილიცა და ტრამპიც ერთმანეთის ქება-დიდებით გამოირჩეოდნენ. შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მხარეები ერთმანეთთან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავენ. თუმცა ეს ყველაფერი იმ ფონზე, რომ მილიარდერი ტრამპი, როგორც აღმოჩნდა, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის – აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან, გარკვეულწილად, დაპირისპირებული აღმოჩნდა, რადგან მას, არც მეტი, არც ნაკლები, „არაპროფესიონალი ხელმძღვანელი“ უწოდა.