პუბლიკაციები
ირაკლი ღარიბაშვილი: „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო ე.წ. კოაბიტაცია

 საქართველო, 20 მაისი, საქინფორმი. კარგად გვესმის, რომ მთავარი პრობლემა, მთავარი გამოწვევა ჩვენი ხალხის წინაშე – ეს არის სიღარიბე, უმუშევრობა, მძიმე სოციალური ფონი და ჩვენი ეკონომიკური ვითარება, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა, – ამის შესახებ ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზესტაფონში განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პრობლემები არ დაწყებულა არც 2012 წელს და არც 2016 წელს.

მე შემთხვევით არ მიხსენებია ეს წლები. 2012 წელს ჩვენ თქვენთან ერთად, სწორედ შეუპოვარი ხალხის მხარდაჭერით შევძელით შეუძლებელი, ჩვენი პარტიის თავმჯდომარის ლიდერობით და ხელმძღვანელობით დავამარცხეთ და გავუშვით ხელისუფლებიდან მოძალადე პოლიტიკური ძალა, მე ვიტყოდი, ანტიეროვნული ძალა, რომელიც ქვეყანას მართავდა და ჩვენს ხალხს ჩაგრავდა, რომელიც, პირველ რიგში, უსამართლოდ ექცეოდა ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ წერტილი დავუსვით მათ მოძალადობრივ მმართველობას, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით, მაგრამ დღეს რა მივიღეთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, აღმოჩნდა, რომ„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ეს იყო ე.წ. კოაბიტაცია.

მე არ მოვერიდები ამის თქმას. ჩვენ ყველა მოგვიწოდებდა, ჩვენი პარტნიორები, ჩვენი გუნდის შიგნით ვითომ პარტნიორები, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გზა და მე ახლა ვამბობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა. ამ შეცდომას სჭირდება გამოსწორება და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად, განახლებული ენერგიით გამოვასწორებთ ამ და სხვა შეცდომებს. მე ძალიან კარგად მესმის მოსახლეობის გულისწყრომის. ჩვენ ახლახანს გვქონდა შეხვედრა ჭიათურაში, სადაც ძალიან მძიმე ვითარებაა. ძალიან აღშფოთებულები და დათრგუნულები ვართ იქ არსებული ხალხის მდგომარეობით. ეს უნდა დასრულდეს, სახელმწიფო აღარ დაუშვებს ასეთ განუკითხაობას. მე მჯერა, რომ ეს პრობლემები მოგვარდება. რაც შეეხება ზესტაფონს, მე ვახსენე მოძალადე რეჟიმი და .. ოპონენტები. ჩემთვის ისინი და მე, ამ შემთხვევაში, ვსაუბრობ არა მათ ამომრჩეველზე, რომელიც ჩემი ღრმა რწმენით, უბრალოდ შეცდომაში არიან შეყვანილნი, მე მათ ლიდერებზე ვსაუბრობ. „ნაციონალური მოძრაობისლიდერები არ არიან ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხალხზე მოფიქრალი ადამიანები. მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ისინი არიან ჩვეულებრივი, პოლიტიკოსებად წოდებული კრიმინალები, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ ჩვენი ქვეყნის განსაცდელში შეყვანას. ზესტაფონში რა პრობლემებიც მოვისმინეთ, ეს არის ხელოვნურად შექმნილი ინფრასტრუქტურული პრობლემები. ჩვენი ბრალია, მეგობრებო, თვითმმართველობის ბრალია ის, რაც ხდებოდა. ეს აღარ უნდა გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ შეცდომას გამოვასწორებთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ზესტაფონში ღირსეული კანდიდატი წარადგინა, რომელიც წინა ხელისუფლების ძალადობრივი, სასტიკი რეჟიმის მსხვერპლია.

გიორგი გოგლიჩიძე შევიდა ჯანმრთელი ციხეში, უსამართლოდ, რაც მთავარია, და გამოვიდა ისეთი, როგორიც გამოვიდა. მანამდე მისი ბიძა დაჩაგრეს და ნერვიულობით გარდაიცვალა. როგორ შეიძლება, ასეთი მძიმე წარსულის პოლიტიკურ ძალას კიდევ ჰქონდეს პრეტენზია, ან თუნდაც სურვილი ხელისუფლებაში და პოლიტიკაში დარჩენის. ამიტომ, მეგობრებო, თქვენთან ერთად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ძალა სამუდამოდ დავასრულოთ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.