პოლიტიკა
ესტონეთში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ხუთშაბათს, 16 მაისს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ქართველ კოლეგას კადრიორგის რეზიდენციაში ქვეყნის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი შეხვდა, რის შემდეგაც ისინი ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენაზე გაემართნენ.

პროგრამის მიხედვით: საქართველოს პრეზიდენტმა გვირგვინით შეამკო გამათავისუფლებელ ომში გამარჯვების მონუმენტი, შემდეგ გამართა შეხვედრა ესტონეთის პარლამენტის (რიგიკოგუ) სპიკერთან და ეწვია „კომინიზმის მსხვერპლთა მემორიალს“. მოგვიანებით ზურაბიშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. დღის ბოლოს კი იგი დაესწრო კერსტი კალიულაიდის მიერ გამართულ ვახშამს.

პარასკევს, 17 მაისს, საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა ტელისკივის შემოქმედებით ქალაქს და სტენბოკის სახლს, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ იური რატასთან გამართავს შეხვედრას. ზურაბიშვილი ასევე ეწვევა ელექტრონული ესტონეთის შოურუმს და ნატოს კიბერთავდაცვის ცენტრს. საღამოს სიტყვით გამოვა ლენარტ მერის კონფერენციის გაცნობითი ხასიათის დისკუსიაზე.

აპრილში ზურაბიშვილმა კალიულაიდთან სატელეფონო საუბრისას კოლეგას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ რუსეთის ლიდერ ვლადიმ პუტინთან შეხვედრისას მან საქართველო ახსენა და მას მყარი მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კალიულაიდი ყველა საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს განსაკუთრებული მხარდამჭერია.

საქართველომ და ესტონეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივნისს დაამყარეს. ამის შემდეგ ქვეყნებმა სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის შესახებ 20 საერთაშორისო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. პრიორიტეტულია ისეთი მიმართულებები, როგორიცაა თავდაცვა, უსაფრთხოება, ეკონომიკა, ტურიზმი, გარემოს დაცვა, განათლება და კულტურა.

საქართველოში ესტონეთის საელჩო 2006 წელს გაიხსნა, ესტონეთში ქართული დიპწარმომადგენლობა კი 2007 წელს. დღეისთვის საქართველოს ესტონეთში ელჩი თეა ახვლედიანი წარმოადგენს, საქართველოში ესტონეთს კი - ელჩი კაი კაარელსონი.

„Sputnik საქართველოს“ მონაცემებით, ქვეყნებს შორის საქონელბრუნვამ 2018 წელს 12 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საქართველო ესტონელ ტურისტებს შორის პოპულარული ხდება. მათი რაოდენობა ჯერჯერობით უმნიშვნელოა, თუმცა შეიმჩნევა ზრდა. მაგალითად, 2018 წელს ესტონეთის მოქალაქეებმა 10 ათასზე მეტი ვიზიტი განახორციელეს, რაც 80%-ით მეტია 2017 წელთან შედარებით.

გარდა ამისა, ესტონეთი და საქართველო განსაკუთრებით აქტიურად თანამშრომლობენ თავდაცვის სფეროში. ესტონეთი ტარტუში მდებარე ბალტიის თავდაცვის კოლეჯში ქართველი სამხედროების სწავლას აფინანსებს. ქართველი და ესტონელი სამხედროები რეგულარულად მონაწილეობენ ერთობლივ წვრთნებში, რომლის ფარგლებშიც საქართველო აქტიურად იღებს ნატოში გაწევრიანების ესტონეთისეულ გამოცდილებას.

ვითარდება თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში. ამისთვის რეგულარულად ტარდება ერთობლივი ბიზნეს-ფორუმები. 2015 წელს ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას უძრავი ქონებისა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტირების ხელშეწყობის შესახებ.