საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. დღეს საქართველოში აქტიურად გაისმის მოწოდებები ქვეყნის ნეიტრალიტეტის და სამხედრო მიუმხრობლობის მოთხოვნის შესახებ. ამდაგვარი მოწოდებები, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით კეთდება და თავის თავში ატარებს მიდგომას, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაცია ბუნდოვანი მომავალია და არსებული სახელმწიფო პოლიტიკური კურსი, თითქოსდა, რუსეთის პროვოცირების საფრთხეს ქმნის. პარალელურად ისმის მოწოდებები არსებული თავდაცვის ბიუჯეტის ხარჯების შემცირების შესახებაც.
თეორიაში ტერმინი ნეიტრალიტეტი გულისხმობს სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების ფორმას და ამავე დროს, იმ სახელმწიფოს სამართლებრივ სტატუსს, რომელიც სხვა სახელმწიფოთა შორის მიმდინარე საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სამართალი და პრაქტიკა ნეიტრალიტეტის სხვა სახეებსაც იცნობს. ირაკლი მენაღარიშვილის სტატიაში „მისაღებია თუ არა საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის გამოცხადება“ მოცემულია ნეიტრალიტეტის შემდეგი ფორმები:
მუდმივი ნეიტრალიტეტი – უარი მომავალ შესაძლო ომებში მონაწილეობაზე;
შეიარაღებული ნეიტრალიტეტი – თუ ნეიტრალიტეტის გამოცხადებისას ქვეყანა იტოვებს უფლებას, ჰყავდეს შეიარაღებული ძალა და დაიცვას თავი ან ნეიტრალური სტატუსი;
ლეგალური ნეიტრალიტეტი – გაფორმებული შიდა ან საერთაშორისო აქტით (მაგ. ავსტრია, შვეიცარია, ლუქსემბურგი, მოლდოვა);
ფაქტობრივი ნეიტრალიტეტი – ფორმალური აქტის გარეშე (მაგ. შვეცია, ფინეთი).
თემაზე მსჯელობისას – არის თუ არა ნეიტრალიტეტის რომელიმე ფორმა დღეს ჩვენთვის მისაღები და შესაბამისად, მთლიანად გადასახედი გაცხადებული საგარეო პოლიტიკური კურსი, აუცილებლად გასათვალისწინებელია საქართველოს რეალობა:
პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არის ნეიტრალური ან სარგებლობს ფაქტობრივი ნეიტრალიტეტით, იძულებულია, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, საკუთარ შესაძლებლობებს დაეყრდნოს. შესაბამისი თავდაცვის მზაობის მისაღწევად გასაწევი ადეკვატური სამხედრო ხარჯების მოცულობა ქვეყნისაგან მნიშვნელოვან ეკონომიკურ ძლიერებას მოითხოვს და, შესაბამისად, სახელმწიფოს მუდმივად უნდა შეეძლოს ამ ეკონომიკური სიძლიერის შენარჩუნება. საქართველოს მსგავსი, არასტაბილურ გარემოში მყოფი მცირე სახელმწიფოსთვის ასეთი მზაობის შენარჩუნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და ეს თავდაცვის ხარჯების არათუ შემცირებას, პირიქით, გაორმაგებასაც მოითხოვს, რისი შესაძლებლობაც დღეს ქვეყანას არ გააჩნია. იგივე იქნება მოთხოვნები, თუ ქვეყანა შეიარაღებული ნეიტრალიტეტის ფორმას აირჩევს. ასე რომ, ეს ორი – ერთი მხრივ, ნეიტრალიტეტი და მეორე მხრივ – სამხედრო ხარჯების შემცირება, ძირეულად ეწინააღმდეგება ერთმანეთს.
თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ ყველაფრის პოლიტიკური მხარე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საფრთხის შემცველია საქართველოსთვის და თუ დღის წესრიგში დადგება საგარეო პოლიტიკური კურსის გადახედვის საკითხი, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ეს კურსი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანია. თანამედროვე სამყაროში კი დღეს ამდაგვარი არჩევანი უფრო მეტს მოიცავს თავის თავში, ვიდრე მხოლოდ საგარეო პოლიტიკური კურსი. ეს არის მისწრაფება, იყო თანამედროვე და ყველაზე დაცული მსოფლიოს ნაწილი, რომელიც პატივს სცემს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ეს ნიშნავს, რომ გაქვს პრეტენზია, იყო სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო ურთიერთობების აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს და იცავს მათ.
ასეთ სახელმწიფოებს კი არ მიკუთვნება რუსეთი, რომელიც ყველა არსებული საშუალებით ცდილობს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩარევას და ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის დისკრედიტაციას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო ანგარიშის თანახმად, „2018 წელს საქართველოში გავლენის გაძლიერებით დაინტერესებული ქვეყნები საკუთარი მიზნების მისაღწევად აქტიურად იყენებდნენ „ჰიბრიდული ომის“ მეთოდებს. უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები აქტივობების განხორციელებისას მიზნად ისახავდნენ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების დაპირისპირებას; მოსახლეობაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას; საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებას რეგიონის ქვეყნებსა და სტრატეგიულ პარტნიორებთან; საქართველოს, როგორც დემოკრატიული და სტაბილური ქვეყნის იმიჯის შელახვას; ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების მოპოვებას; მუდმივი შიდაპოლიტიკური დაძაბულობის ხელშეწყობას; საზოგადოებაში გაურკვევლობისა და ნიჰილიზმის დანერგვას.“
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ამ მოქმედებების უკან, პირველ რიგში, სწორედ რუსეთი იგულისხმება. ეს ხდება არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საგარეო ვექტორი აქვს, არამედ იმიტომაც, რომ რუსეთის უსაფრთხოების და საგარეო-პოლიტიკური გარემოს გლობალური ხედვა ამგვარი მოქმედებებისკენ არის მიმართული – მისი მხრიდან არსებული საერთაშორისო გარემოს გლობალური ხედვა ანტაგონისტურია. შესაბამისად, ჩვენი კურსის მიუხედავად, რაიმე ცვლილებების მოლოდინი რუსეთის პოლიტიკაში ნაკლებ სავარაუდოა.
ის, რომ საქართველოს არჩევანი და რუსეთის საგარეო პოლიტიკური ხედვა საფუძველშივე წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან, ეს რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის მოკლე ანალიზიდანაც კარგად ჩანს:
რუსეთის საგარეო პოლიტიკის კონცეფცია 2016 წლის 1 დეკემბერს გამოქვეყნდა (წინა კონცეფცია 2013 წელს იქნა გამოქვეყნებული, რომელიც, თავის მხრივ, 2008 წლის კონცეფციის განახლება იყო). დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის საგარეო პოლიტიკური საქმიანობა მიმართულია ქვეყნის უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად; ხელსაყრელი საგარეო გარემოსა და პირობების შექმნისკენ რუსეთის ეკონომიკის, ტექნოლოგიური განახლებისა და მოსახლეობის რაოდენობისა და ცხოვრების დონის გაზრდის მიზნით. რუსეთი საერთაშორისო სისტემის ერთ-ერთი გავლენიანი ცენტრი უნდა იყოს. კონცეფციაში წერია, რომ „არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებს არ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ თანამედროვე გამოწვევებისა და მუქარების ფართო სპექტრს“, ამიტომ განსაკუთრებით აქტუალურია თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების დაცვა ყველა რეგიონთან მიმართებაში. აქტუალური და მოთხოვნადი იქნება „ქსელური დიპლომატია“ რომელიც „რბილი ძალის ინსტრუმენტების“ და სტრუქტურების მრავალმხრივ გამოყენებას გულისხმობს, მათ შორის ისეთების, როგორებიცაა სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები, საინფორმაციო-კომუნიკაციური და სხვა მეთოდები და ტექნოლოგიები. ცალკეა საუბარი უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე. „რუსეთი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას უკრაინის საშინაო კონფლიქტის დარეგულირებისთვის“, - ნათქვამია ტექსტში.
რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ურთიერთობათა ნორმალიზებით იმ სფეროებში, რომლისთვისაც ქართული მხარე არის მზად. ამასთან ერთად, ნათქვამია, რომ რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დახმარებას მათი დემოკრატიული სახელმწიფოებად ჩამოყალიბების გზაზე, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, განუხრელად განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების პოლიტიკას, მათ მხარდაჭერას და, შესაბამისად, ჩვენი ინტერესების უგულებელყოფას.
იგივე ხდება მოლდოვის შემთხვევაშიც: საგარეო პოლიტიკური კონცეფციის მიხედვით, რუსეთი მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს, მაგრამ მხოლოდ დნესტრისპირეთის განსაკუთრებული სტატუსის განსაზღვრის შემთხვევაში. ფაქტობრივად, კრემლი აქაც განაგრძობს არსებული პოლიტიკის მხარდაჭერას და ხელყოფს მოლდოვას ტერიტორიულ მთლიანობას.
ნატოსთან მიმართებაში დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთი „ნეგატიურად უყურებს ალიანსის გაფართოებას, მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მოახლოებას და სამხედრო აქტივობებს რუსეთის საზღვრის სიახლოვეს“. კონცეფციაში აღნიშნულია, რომ რუსეთი ამ ქმედებებს აღიქვამს როგორც „თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების პრინციპის დარღვევას, რომელიც ევროპაში არსებული ძველი გაყოფის ხაზების გაღრმავებას და ახლების გაჩენას იწვევს“.
ახალ კონცეფციაში გამკაცრებულია რიტორიკა აშშ-სთან დაკავშირებით. „რუსეთი არ აღიარებს აშშ-ის იურისდიქციის ექსტერიტორიულ განხორციელებას; მიუღებელია სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა სახის ზეწოლა და იტოვებს უფლებას, მკაცრი რეაგირება მოახდინოს არამეგობრულ ქმედებებზე“. რუსეთი ასევე განწყობილია, ხელი შეუშალოს სხვა სახელმწიფოში ინტერვენციებს „თავდაცვაზე პასუხისმგებლობის კონცეფციის“ ფარგლებში.
2016 წლის კონცეფცია უფრო დიდ ყურადღებას უთმობს ცივილიზაციურ კონკურენციასა და წინააღმდეგობებს. ასევე, როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა დესტაბილიზაციის ერთ-ერთი ფაქტორი, დასახელებულია „სხვა სახელმწიფოების მიერ საკუთარ ფასეულობათა საზომის თავს მოხვევის მცდელობები“.
ახალ კონცეფციაში შედარებით ნაკლები ყურადღება ეთმობა ე.წ. „რბილ ძალას“ და საზოგადოების გამოყენებას შიდა პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად (თუმცა სრულებით არ აკნინებს ამავე ძალის მნიშვნელობას საგარეო პოლიტიკაში), მასში არ არის საუბარი ადამიანთა უფლებების სფეროში რუსეთის საერთაშორისო ხელშეკრულებებში მონაწილეობის გაფართოებაზე. ამის მაგივრად, კონცეფცია მოუწოდებს, გაიზარდოს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთქმედება ადამიანის უფლებათა საყოველთაოდ აღიარებული ნორმების გასამყარებლად. ამავე კონცეფციაში ნათქვამია, რომ რუსეთი დაიცავს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური და სხვადასხვა თვალსაზრისის მქონე ინფორმაციაზე წვდომის უფლებას თითოეული ადამიანისათვის.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია, ისევე როგორც რუსეთის უახლესი სტრატეგიული დოკუმენტები, მიმართულია საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში რუსეთის პრესტიჟისა და როლის გაზრდისკენ, სადაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცივილიზაციური კუთვნილების ფაქტორსა და ღირებულებათა მნიშვნელობას, განსაკუთრებით საინფორმაციო და რბილი ძალის კონტექსტში. ზოგადი რიტორიკით, დოკუმენტი საკმაოდ მკვეთრი და ხისტი აქცენტების მატარებელია და ხაზს უსვამს რუსეთის მზაობას, ყველა მის არსებული საშუალებით დაიცვას საკუთარი სასიცოცხლო ინტერესები ნებისმიერ რეგიონში.
თუ გავაანალიზებთ ბოლო წლებში მომხდარ მოვლენებს, ნათლად ჩანს, რომ რუსეთი საკმაოდ გეგმურად მიჰყვება და ახორციელებს საგარეო პოლიტიკურ ხედვებს და არ არსებობს არანაირი ობიექტური ფაქტორი, რაც გვაფიქრებინებს, რომ მას სხვანაირი დამოკიდებულება ექნება ჩვენი რეგიონის მიმართ.
რუსეთის საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაში და სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებში ნათლად ჩანს მისი გაცხადებული ეროვნული ინტერესები, მისი გლობალური-ცივილიზაციური და საგარეო პოლიტიკური ხედვები, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ურთიერთობების ნორმებსა და პრინციპებს. რუსეთი განაგრძობს საკუთარი თავის, როგორც გლობალური მოთამაშის პოზიციონირებას ყველგან, სადაც ამის საშუალება ეძლევა და ამ გზაზე არ ეთაკილება საერთაშორისო ურთიერთობების ნორმების მუდმივ დარღვევა, სხვის საშინაო პოლიტიკურ პროცესებში უხეში ჩარევა, სხვადასხვა სახის დესტრუქციულ აქციებს და ა.შ. ამის ბოლო მაგალითი არის ვენესუელა და იქ მიმდინარე მოვლენები. რუსეთის მთელი საგარეო პოლიტიკა მიმართულია მისი გავლენის სფეროების მხოლოდ გაზრდისკენ და დასავლეთის ნებისმიერი სისუსტის გამოყენებისკენ.
ისევე, როგორც რუსეთის სხვა სტრატეგიული დოკუმენტების შემთხვევაში, საქართველოს გაცხადებული კურსი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის ინტერესებთან და უსაფრთხოების მისეულ გლობალურ ხედვებთან, ვინაიდან სწორედ კონცეფციაში ნახსენები საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი არ ემთხვევა რუსულს. ეს არის სამყაროს და მასში ადამიანის ადგილის ორი განსხვავებული ხედვის დაპირისპირება. დაპირისპირება ერთის მხრივ ავტორიტარულ რუსეთს, სადაც ადამიანი, როგორც ინდივიდი, მეორეხარისხოვანია და მეორეს მხრივ, დემოკრატიულ სამყაროს შორის, სადაც პიროვნული თავისუფლება უმნიშვნელოვანესია.
ჩვენ დანამდვილებით არ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რა მოხდება, თუ რაიმე ფორმით მომავალში ნეიტრალიტეტს გამოვაცხადებთ, თუმცა ამისთვის არსებობს ისტორია, რომელიც გვასწავლის, რას შეიძლება ველოდოთ მომავლისგან. რუსეთის სტრატეგიული კულტურა და ისტორიული წარსული მხოლოდ ერთ რამეს მიანიშნებს: ნეიტრალიტეტი მისი უშუალო მეზობლობის პირობებში ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ იგი აუცილებლად შეეცდება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე გადამწყვეტი, საბოლოო ზეგავლენის მოპოვებას.
ეს კარგად ჩანს მოლდოვას მაგალითზეც, რომელმაც უკვე სცადა, ის გზა გაევლო რასაც ახლა საქართველოს სთავაზობენ და 1994 წელს კონსტიტუციაში ოფიციალურად ჩაიწერა მოლდოვის მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსის შესახებ. ბუნებრივია, ეს ნაბიჯი უშედეგო აღმოჩნდა და უფრო მეტიც, რუსეთი დღემდე გამუდმებით ცდილობს პრორუსული ძალების მხარდაჭერას მოლდოვაში და ამით მის როგორც საშინაო ცხოვრებაზე, ასევე საგარეო პოლიტიკურ კურსზე ზეგავლენას.
ყოველივეს გათვალისწინებით, ლოგიკური იქნებოდა გვეკითხა, არის თუ არა საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობა ან ნეიტრალიტეტი იმის გარანტი, რომ რუსეთი გადახედავს თავის პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ან შეწყვეტს საქართველოს მიმართ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში მოცემული ქმედებების განხორციელებას? – ნაკლებად სავარაუდოა.
ამასთან ერთად, დღეს გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან გაჟღერებული მოთხოვნები თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებაზე რეალობის არაადეკვატურია. საქართველოს თავდაცვის ძალების წინაშე არსებული და მასზე კონსტიტუციურად დაკისრებული მოვალეობების წარმატებით განსახორციელებლად, არათუ დაფინანსების შემცირება, პირიქით, მისი მინიმუმ გაორმაგება არის საჭირო. იგივე „ნეიტრალური“ ფინეთის, შვედეთის და შვეიცარიის შემთხვევაში, სადაც არსებობს ტოტალური თავდაცვის მიდგომები და დღეს ჩვენც ანალოგიური კურსი გვაქვს არჩეული, ამ ხედვის რეალიზაციისთვის ბიუჯეტის შემცირებაზე საუბარიც კი ზედმეტია.
მცდარია ის არგუმენტიც, რომ თავდაცვის ძალების ბიუჯეტის საქართველოს მშპ-ს 2%-თან მიახლოება ეს მხოლოდ ნატოს მოთხოვნა იყო. ბოლო წლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სტრუქტურულად შეიცვალა გამოყოფილი ბიუჯეტის გადანაწილება და მნიშვნელოვნად შემცირდა პერსონალური ხარჯები, მეტი თანხები გამოიყო თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებასა და შესყიდვებზე.
თანამედროვე კონფლიქტებისა და ომების ხასიათი ახალ გამოწვევებს აჩენს ზოგადად შეიარაღებული ძალების მიმართ. განუზომლად დიდია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საინფორმაციო-კომუნიკაციური საშუალებების გამოყენების მნიშვნელობა. ამის ფონზე დღეს მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს თავდაცვის ძალების თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვა და ასეთ ვითარებაში მოწოდებები თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირებაზე ნიშნავს უარის თქმას ქართულ ჯარსა და, ფაქტობრივად, სახელმწიფოს დამოუკიდებლობაზე. პირიქით, ნებისმიერი ლოგიკით, მის გაზრდაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულები. სწორედ საერთაშორისო მისიები, ნატოსთან დაკავშირებული პროგრამები და სწავლებები და „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ ამერიკული მხარდაჭერით არის დღევანდელი ქართული ჯარის განვითარების ლოკომოტივი.
დღეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კურსის გადახედვა ნიშნავს არა მარტო უსაფრთხოების ყველაზე ქმედით ქოლგაზე უარის თქმას, არამედ ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული რეფორმების ყველაზე მტკიცე მხარდაჭერის უარყოფას და წარმატებული თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. ეს ნიშნავს რუსეთის ცივილიზაციურ და ღირებულებით ვექტორზე თანდათანობით დაბრუნებას, სადაც დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს არასდროს უარსებია.
ავტორი – გიორგი ანთაძე