საზოგადოება
სააკაშვილის წასვლიდან რაც მეტი დრო გადის, ის ქართველი ხალხის მით უფრო მეტ სიძულვილს იწვევს! - საქინფორმი

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. საქართველოში დამდეგ კვირას, 2019 წლის 19 მაისს, ზუგდიდში, ჭიათურაში, ხულოში, ზესტაფონსა და მარნეულში მერების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება, აგრეთვე გაიმართება საქართველოს პარლამენტის და რაიონული საკრებულოების შუალედური არჩევნები საგარეჯოში, ახმეტაში, ადიგენში, ოზურგეთში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ზესტაფონში.

„როგორია თქვენი პროგნოზი - რომელი პარტიების კანდიდატები გაიმარჯვებენ რაიონების უმრავლესობაში?“, - ეკითხებიან მკითხველები საქინფორმს. თბილისელებს განსაკუთრებით აინტერესებთ - გახდება თუ არა სააკაშვილის მეუღლე ზუგდიდის მერი და ვინ იქნება პარლამენტარი დედაქალაქის ცენტრალური - მთაწმინდის რაიონიდან სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდა?

საქინფორმი: ეჭვგარეშეა, რომ ყველა არჩევნებში რაიონების უმრავლესობაში, თუ ყველაში არა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატები გაიმარჯვებენ. მისი ერთადერთი მეტოქე ხომ სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც თავისი სრული დისკრედიტაციის გამო საქართველოს პოლიტიკურ ველს თანდათან ტოვებს.

პარადოქსია - საქართველოში პოლიტიკური ლიდერების წასვლიდან-გაძევებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მოწინააღმდეგეებიც კი მათ მიმართ აგრესიას აღარ განიცდიდნენ და ერთგვარი სიმპათიითაც კი იმსჭვალებოდნენ. ასე იყო გამსახურდიას, შევარდნაძის შემთხვევაში, მაგრამ სააკაშვილის შემთხვევაში პირიქითაა: მისი წასვლიდან რაც მეტი დრო გადის, ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობაში ის სულ უფრო მეტ სიძულვილს იწვევს, მითუმეტეს, რომ მისი მამხილებელი ახალ-ახალი ფაქტები ვლინდება!

ნებისმიერი პოლიტიკოსი, რომელიც მისი ხელისუფლების დროს მუშაობდა, პარლამენტის ექსსპიკერი ბურჯანაძეც კი, რომელიც შემდეგ მისი მტერი გახდა და დღეს პოზიცია საპირისპიროზე - ანტინატოურზე შეიცვალა, ვერასოდეს მოიშორებენ სააკაშვილისეულ დამღას, რომელიც მათ პოლიტიკურ ფსკერზე ითრევს.

„ნაცმოძრაობას“ პოპულარობა აშკარად ვერ შეჰმატა საქართველოს მოსახლეობისთვის არაპატივსაცემი ლიდერების მხარდაჭერამ, რომლებმაც გადაწყვიტეს, კვირას სააკაშვილის პარტიას მხარდაჭერა გამოუცხადონ - მაგალითად, პარლამენტის ექსსპიკერმა და ექსრესპუბლიკელმა უსუფაშვილმა, რომელმაც „ნაციონალებს“ თავისი ანტიპათიის „ტვირთიც“ აჰკიდა, რომელსაც მის მიმართ ქართველი ამომრჩეველი განიცდის.

„ვინც გინდა იყოს, ოღონდ არა სააკაშვილის „ნაციონალები“! - ასეთია ქართველ ამომრჩეველთა უმრავლესობის პოზიცია, თუმცა ბიძინა ივანიშვილის მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მრავალრიცხოვანი შეცდომების და განუწყვეტელი შიდა უთანხმოებების გამო ხალხის ნდობის ვოტუმი თითქმის ამოწურა და უკანასკნელი შანსი აქვს - ელექტორატის ნდობა დაიბრუნოს.

ეს უნდა იყოს მკვეთრი ნაბიჯები მოსახლეობისკენ, რომელიც უკიდურეს გაჭირვებას განიცდის. ფუნდამენტური საკადრო განახლება პროფესიონალებზე და არა მილიონერ პარლამენტარებზე და მინისტრებზე დაყრდნობით, უარის თქმა ზედმეტობებზე და გაუმართლებელ ახალ რეგულაციებზე, და საგარეო და საინფორმაციო პოლიტიკის სერიოზული რეკონსტრუქცია. მოქალაქეთა უკიდურეს უნდობლობას იწვევს დეკლარაციები „ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზე“, სადაც საქართველოს, რომელიც „უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსით მიდის“, მოუთმენლად ელიან, როდესაც ქვეყნის მთელი ეკონომიკა რუსეთზე და მის მოკავშირეებზე - ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებზე და თურქეთზეა დამოკიდებული. ანტირუსული ტრენდი მოსახლეობისთვის მყარად ასოცირდება სააკაშვილთან, ამიტომ ორმაგ ზიზღს იწვევს.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა გაბედოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება სტრასბურგის, ბრიუსელის და ვაშინგტონისკენ ყურების გარეშე და შეწყვიტოს ქვეყანაში პროპაგანდისტული ძირგამომთხრელი დივერსიული მანქანის ფუნქციონირება სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სახით. და კიდევ - სასწრაფოდ შეწყვიტოს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად საზღვარგარეთ, შენგენის შეთანხმების ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და ანტიქართული პოლიტიკის გატარება, რითაც აქტიურად არის დაკავებული საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საქინფორმის რედაქცია