პუბლიკაციები
"უბლოკო" ბურჯანაძე და "ბლოკიანი" უსუფაშვილი" - პარლამენტის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეების წინადადებებს წინასაარჩევნო პოპულიზმის ფერი დაჰკრავს (Guardian.ge)

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ორიოდე დღის წინ, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოს პარლამენტმა საპარლამენტო არჩევნებამდე იმსჯელოს და ქვეყნის კონსტიტუციაში გაკეთდეს შემდეგი შინაარსის ჩანაწერი, - "საქართველო არის უბლოკო სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზე არ შეიძლება იმყოფებოდეს არცერთი სხვა სახელმწიფოს ჯარი"!

ბურჯანაძის ამ განცხადებას მყისიერად უპასუხა "რესპუბლიკური" პარტიის ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც თავის მხრივ მოითხოვა, რომ ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაიწეროს: "საქართველო ისწრაფვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ, ანუ ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში შესასვლელად და ეს შეუქცევადი პროცესია"!

მოკლედ, საქართველოს პარლამენტის, როგორც ყოფილი ისე მოქმედი თავმჯდომარეები რადიკალურად განსხვავებული წინადადებებით გამოდიან, რასაც უეჭველად დაჰკრავს წინასაარჩევნო პოპულიზმის ფერი! თუმცა, ეს არ არის მთავარი, მთავარი ისაა, რომ არცერთი მათგანის მოთხოვნა სტრატეგიულად მიზანშეწონილი არ გახლავთ, რადგანაც ერთიც და მეორეც პოლიტიკურ-ტაქტიკური მანევრირების საშუალებას უზღუდავს საქართველოს, რომლის გარეშეც ქვეყნის წინაშე მდგარი სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების (ქვეყნის დეოკუპაცია, აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" რეგიონის რეინტეგრაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა) გადაჭრა ვერ და არ მოხერხდება!

არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, უსუფაშვილის ეს მცდელობა, რომ "უფრო პროდასავლელად" აჩვენოს საკუთარი თავი და პარტია დასავლელ პარტნიორებს, ღიმილისმომგვრელია, ხოლო ბურჯანაძეს, როგორც სტაჟიან პოლიტიკოსს, ალბათ უნდა ესმოდეს, რომ ასეთი ფუნდამენტალური ცვლილების მისაღწევად, სულ ცოტა ხელისუფლებაში უნდა იყოს, მაგრამ რა ქნას, ეტყობა რომ ისიც წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაშია!!..