საზოგადოება
პირისპირ შეხვედრა: რაზე შეთანხმდნენ საქართველოს და ყაზახეთის მთავრობის მეთაურები

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტი ყაზახ კოლეგასთან ასკარ მამინთან შეხვედრით დაიწყო, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე.

მამინმა ბახტაძეს ყაზახეთის მთავრობის სახლში უმასპინძლა. მხარეებმა პირისპირ შეხვედრაზე ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და სავაჭრო ბრუნვის გაზრდის პოტენციალი განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო და ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის ფუნქციას. ამასთან დაკავშირებით საქართველოს და ყაზახეთის პრემიერებმა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ბახტაძის სიტყვებით, მთავრობის მიზანია საქართველოს სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბება, მათ შორის, პორტების განვითარების გზით.

პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის სიხშირის გაზრდის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს და ყაზახეთის მთავრობების მეთაურებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმებს სოციალურ-შრომით და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ასევე მთავრობებს შორის შეთანხმების ოქმს საავტომობილო მიმოსვლის შესახებ და საგზაო რუკას 2019-2022 წლებში ყაზახეთსა და საქართველოს შორის საქონელბრუნვის ნომენკლატურის გაფართოების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, რომელიც ორი დღე გაგრძელდება, ბახტაძე შეხვედრას გამართავს ყახაზეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან და სენატის თავმჯდომარე დარიგ ნაზარბაევთან.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლიდან დამყარდა.

ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ყაზახეთი მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი იყო. ეს შუააზიური ქვეყანა კაპიტალს აბანდებდა ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. 2019 წლის პირველ კვარტალში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 27 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა.