საზოგადოება
თელავის სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტი ხელახლა დადგეს

 საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, მეორე მსოფლიო ომში დაკარგულთა სახელობის სკვერში, იოსებ სტალინის ბიუსტი ისევ აღმართეს. ინფორმაცია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა თელავის მერის წარმომადგენელს სოფელ აკურაში მიხეილ იმერლიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ბიუსტი მოქალაქეებმა კერძო ინიციატივით, სავარაუდოდ, 9 მაისთან, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დადგეს. მისთვის უცნობია, კონკრეტულად - ვინ.

ეს ძეგლი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოქალაქეებმა რამდენჯერმე აღმართეს, თუმცა ბიუსტს დადგმიდან მალევე ხსნიდნენ ხოლმე. იმერლიშვილის ცნობით, მას ამჯერადაც იგივე ბედი ეწია.