საზოგადოება
სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს ქართული ენის სწავლის შესაძლებლობა ექნებათ

 საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. რელიგიის საკითხთა სააგენტოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს სააგენტოს პროექტის – სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის ფარგლებში რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებისათვის ქართული ენის სწავლებას. მემორანდუმის მიზანია რელიგიურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ქართული ენის სწავლის სურვილი უკვე 150-მა სასულიერო პირმა გამოთქვა, მათ შორის საქართველოს მუსლიმი, სომხური და ნაწილობრივ კათოლიკური თემის წარმომადგენლები არიან.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე აცხადებს, რომ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან სახელმწიფო ენის შესწავლის მზაობა მრევლმაც გამოთქვა.

ზაზა ვაშაყმაძის განმარტებით, მათი ინიციატივა იმ სურათმა განაპირობა, რაც მათ მიერ ჩატარებულ ტრენინგებზე გამოჩნდა. მისივე თქმით, სასულიერო უმცირესობის წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს, ენის არასაფუძვლიანად ან საერთოდ არ ცოდნის გამო, ტრენინგის თემის გაგება და სათანადოდ აღქმა.

რელიგიის სააგენტო იწყებს ახალ პროექტსსახელმწიფო ენა რელიგიური უმცირესობისთვის“. ჩვენ მიერ სამთავრობო გეგმის ფარგლებში 2018-2019 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ჩატარებულმა ტრენინგებმა განაპირობა მემორანდუმის აუცილებლობა, რადგან ნათლად გამოჩნდა, რომ ტრენინგის მონაწილე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ სასულიერო პირებს სახელმწიფო ენის სათანადოდ ან საერთოდ არ ფლობის გამო გაუჭირდათ თემის გაგება და აღქმა. ამიტომ გაჩნდა იდეა ამ პროექტის.

რელიგიის სააგენტომ არაფორმალური შეხვედრები გამართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან, რომლებმაც პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. ქართული ენის შესწავლის სურვილი ჯერ 150-მა სასულიერო პირმა გამოთქვა. ესენი საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლები, სომხური თემის, ნაწილობრივ კათოლიკური თემის წარმომადგენლები არიან, ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ანალოგიური სურვილი მრევლმაც გამოთქვა. სამომავლოდ ეს ფორმატი ბევრად გაიზრდება და გაფართოვდება, - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის ქეთევან ჯაყელის თქმით, ისინი მზად არიან, თავიანთი რესურსებით მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში.

დღეს თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც ჩაუტარდებათ ენის შემსწავლელი კურსები საქართველოში არსებულ რელიგიურ გაერთიანებების წარმომადგენლებს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ იზრდება სახელმწიფო ენის სწავლის მიმართ ინტერესი და ჩვენი რესურსებით მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში“, - განაცხადა ჯაყელმა.

პირველი არხი