საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარის შუალედურ არჩევნებში „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი შალვა შავგულიძეს უჭერს მხარს.
დავით უსუფაშვილი ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატთან ერთად მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა და განაცხადა, რომ სწორედ შალვა შავგულიძისნაირი ადამიანები სჭირდება პარლამენტს, მისი პროფესიული და მორალური თვისებებიდან გამომდინარე.
„დღეს შალვას მშობლიურ ეზოში კიდევ ერთხელ მაქვს პატივი, მთაწმინდის ამომრჩეველს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. მე მოსახლეობას ვუთხარი, რომ შალვას არჩევა კი არა, პარლამენტიდან შალვას გამოშვებაა არასწორი. მას უნდა მივუსაჯოთ პარლამენტის წევრობა, ის სჭირდება ქვეყანასა და პარლამენტს. სწორედ შალვასნაირი ადამიანები არიან საჭირო საკანონმდებლო ორგანოში, რადგან მისი ზნეობრივი, მორალური, პროფესიული ადამიანური თვისებების ერთიანობა იძლევა პარლამენტის პრაქტიკულად იდეალური წევრის სახეს. მე ეს ვნახე პარლამენტში და ვიცი, რა ფასი აქვს შალვა შავგულიძეს ქვეყნისთვის. გარდა ამისა, არის კონკრეტული პოლიტიკური ვითარება და მნიშვნელოვანია, დაიწყოს ცვლილებები სწორედ ასეთი ადამიანების წარმატებით, რომლებიც მოტივირებულნი არიან საქმეზე და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე. გარდა ამისა, შალვა შავგულიძემ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ექვსიოდე თვის წინ, საპრეზიდენტო არჩევნებში პირადად მე გამიწიეს შეუდარებლად მასშტაბური თანადგომა, რისთვისაც კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პირველი არხი