სამართალი
ფორმულირებები მაუწყებელთა ფინანსურ გამჭვირვალობაზე

rustavi2მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის საკითხზე პოზიციები დაახლოებულია, – აცხადებენ დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობიდან და უმცირესობიდან კანონპროექტის მეორე მოსმენით დაგეგმილი განხილვის წინ.

„ვფიქრობ, ჩვენ შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ, – ამბობს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილი უმცირესობასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, – გავცვალეთ ჩვენი პოზიციები იმასთან დაკავშირებით, რაც ეხება აუდიტის მიერ დასკვნის დადებას კონკრეტული მედიასაშუალების ფინანსებთან დაკავშირებით“.

კუბლაშვილის განცხადებით, „11 მარტს პოზიციებს კიდევ უფრო დავაახლოებთ და შესაბამისი ფორმულირებები უკვე აისახება მეორე მოსმენის ტექსტში“.

ქრისტიან-დემოკრატთაგან დეპუტატ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, საუბარია საერთაშორისო ბუღალტრული სტანდარტებით აუდიტის ჩატარებაზე, რათა „ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაეცნოს თითოეული მაუწყებლის ფინანსების გამჭვირვალობასა და წარმომავლობას“.

ფინანსური გამჭვირვალობა ის ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხია, რის გამოც დეკემბერში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიღება შეჩერდა. დაახლოებით სამთვიანი პაუზის შემდეგ პარლამენტი დაუბრუნდება ამ საკითხის განხილვას, რომელიც მედიამესაკუთრეთა გამჭვირვალობის კუთხით მაუწყებლობის ლიცენზიების ფლობის აკრძალვასაც ითვალისწინებს ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიებისათვის.

თუმცა სპეციალისტები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ზღვაში წვეთია, როცა საქმე ეხება მედიის გახსნილობას. თუმცა „ასეთ ნაბიჯსაც შეუძლია იმოქმედოს პოზიტიურად, თუ თამაში ბოლომდე წმინდად წარიმართება“, – აცხადებენ ისინი.